სოფლის მეურნეობა
საფრანგეთში ქვევრის ღვინო წარადგინეს
საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ.


ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“-ში და ქალაქ სომურში ‘’La Dive Boutteille”-ში მონაწილეობდნენ. წელს ქართული ღვინო მერვედ იყო წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „მანდილი“, „ხოხბის ცრემლები“, „მარანი ლაგაზი“, „გოგო ვაინი/ართანული ღვინო“, „კორტავების მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“.

გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამ დღეებში გაიმართება ნანტში, რენიში და ლორიანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 2017 წელს საქართველოდან 100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.
| Print |
FaceBook Twitter Google