სოფლის მეურნეობა
სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს
სახელმწიფო წელს რთველის სუბსიდირებას აღარ განახორციელებს, ვინაიდან სახელმწიფოს ჩართულობის საჭიროება აღარ არსებობს, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
“მთავრობა ასრულებს დანაპირებს და უარს ამბობს სუბსიდიის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის დანახარჯებზე მეღვინეობის დარგში, რომელიც ბოლო წლებში განხორციელებული სწორი სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად ქვეყანაში გახდა ერთ-ერთი წარმატებული და განვითარებული დარგი. ამაზე მიუთითებს გაზრდილი ექსპორტი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების მზარდი სტატისტიკა, ასევე ქართული ღვინის წარმატებები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებსა და კონკურსებში”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

გასული წლების მსგავსად, რთველი 2018-ის პროცესში შეიქმნება რთველის საკოორდინაციო შტაბი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.

სამინისტროს ინფორამციით, მიმდინარე წელს ყურძენს 100-ზე მეტი საწარმო ჩაიბარებს და ჩაბარებული ყურძნის აღრიცხვა მოხდება ერთიანი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის საფუძველზე, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2013 წლიდან დანერგა.

რთველის მიმდინარეობის დროს 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს რთვლის საკოორდინაციო შტაბი და ცხელი ხაზი (1501). 


| Print |
FaceBook Twitter Google