სოფლის მეურნეობა
კახეთში მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია
კახეთში რთველი კვლავ აქტიურ პროცესშია და ყურძნის მოსავლის დაბინავება კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამის შესახებ
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსი, ანდრო ასლანიშვილი საუბრობს.


-„დღეღამურად, საშუალოდ 5-6 ათასამდე ტონა ყურძენი მუშავდება საწარმოების მიერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში რთველი კვლავ აქტიურ ფაზაშია. რთველის დაწყებიდან დღემდე, ყურძენი ღვინის საწარმოებს უკვე 10200-მა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია. ამ პერიოდში, ყოველდღიურად ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 65-მდე ღვინის საწარმო კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში, რაც ნიშნავს, რომ რთველი კახეთში შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს.”

რთველი 2018-ის საკოორდინაციო შტაბში ამ დროისთვის 225 კომპანიაა დარეგისტრირებული. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ყურძენი უკვე გადაამუშავა 175-მა ღვინის კომპანიამ.

ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა ყვარლისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში - 27-27 ათასი ტონა, თელავში სულ გადამუშავებულია - 18,5 ათასი ტ., სიღნაღში - 8,4 ათასი ტ., დედოფლისწყაროში - 3,8 ათასი ტ., ახმეტაში - 3 ათასი, ლაგოდეხში - 1,5 ათას ტონამდე და საგარეჯოში კი - 955 ტონა.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, მთლიანად მოსავლიდან ამ დროისთვის გადამუშავებულია 52 ათასი ტონა საფერავი, 29 ათასი ტონა რქაწითელი, 1,5 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი.

18 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში სულ 92 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა 145 მლნ ლარს მიაღწია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /