ახალი ამბები
გურჯაანში დასეტყვილ ყურძენს 50 თეთრად ჩაიბარებენ
წინასწარი ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში, ჩალაუბანსა და არაშენდაში 400 ჰექტარი ვენახი 50%-ით განადგურდა.
როგორც speqtri.ge-ს რთველის საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა განუცხადა, დასეტყვილ ყურძენს ქარხნები 50 თეთრად ჩაიბარებენ.

-„რთველის საკოორდინაციო შტაბმა სტიქიის დასრულებისთანავე დაიწყო პირველადი მონაცემების შეგროვება. აღნიშნული პროცესი უფრო აქტიურ ფაზაში დღეს დილიდან შევიდა. კომუნიკაცია გვაქვს როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო საკოორდინაციო სამსახურებთან, ასევე თვითმმართველობასთანაც. შტაბი ჩართულია იმ პროცესში, რაც გულისხმობს დაზიანებული მოსავლის დაბინავებას. გაიხსნება გარკვეული ლოკაციები, სადაც ყურძენს ჩაიბარებენ. მინდა დავამშვიდო მოსახლეობა და დავპირდე, რომ დაუბინავებელი მოსავალი არ დარჩება. გვაქვს გარკვეული სამწუხარო გამოცდილება, ვგულისხმობ, ახმეტის მუნიციპალიტეტში მოსულ სეტყვას. ანალოგიურად, გურჯაანშიც უმოკლეს ვადაში მოხდება მოსავლის დაბინავება. ფასს რაც შეეხება, უნდა არსებობდეს სამართლიანი მიდგომები. დასეტყვილი ყურძნის ფასი ახმეტის მსგავსად გურჯაანშიც 50 თეთრი იქნება, არ აქვს მნიშვნელოობა 40, 50, თუ 60%-ითაა დასეტყვილი. ყურძნის ჩაბარება უკვე შესაძლებელია ჭანდრის ღვინის ქარხანაში. “ -განაცხადა ასლანიშვილმა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასეტყვილი ვენახებიდან დაახლოებით 2500 ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.



| Print |
FaceBook Twitter Google