სოფლის მეურნეობა
ღვინის სააგენტო - კახეთში მევენახეების შემოსავალმა 204 მლნ ლარს გადააჭარბა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 142 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა, მევენახეების შემოსავალმა კი 204 მლნ ლარს გადააჭარბა.
რთველის საკოორდინაციო შტაბის უფროსის, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის ანდრო ასლანიშვილის განცხადებით, კახეთში ყურძნის მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია.

„კახეთის რეგიონში 214 ღვინის კომპანიის მიერ გადამუშავებულია 142 ათასი ტონა ყურძენი. შეიძლება ითქვას, რომ ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უკვე დაბინავებულია. ყურძენი ღვინის კომპანიებს 15 ათასმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალმა 204,2 მლნ ლარი შეადგინა. უკვე შეიძლება ითქვას, რომ კახეთის რეგიონისთვის რთველი-2018 იყო წარმატებული. ყურძნის კრეფა კახეთში კვლავ გრძელდება და უახლოეს დღეებში რთველის სამზადისი უკვე რაჭის რეგიონში დაიწყება” - აღნიშნა ანდრო ასლანიშვილმა.

კახეთში ყველაზე დიდი რაოდენობით ყურძენი გადამუშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტში - 41,3 ათასი ტონა, შემდეგ მოდის: ყვარელი - 40 ათასი ტონა, თელავი - 31 ათასი ტონა, სიღნაღი - 12 ათასი ტონა, საგარეჯო - 5 ათასი ტონა, დედოფლისწყარო - 4,7 ათასი ტონა, ახმეტა - 4,2 ათასი ტონა და ლაგოდეხი - 3,8 ათასი ტონა.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რთველი / ყურძენი /