სოფლის მეურნეობა
ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი პირველი საწარმო გაიხსნა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში წიპწის ზეთის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

საწარმო, რომელშიც ერთი მილიონი ლარის ინვესტიცია უკრაინულმა კომპანიამ „ეკოჯორჯიან გრუპმა“ განახორციელა, თანამედროვე სტანდარტების უცხოური წარმოების მანქანა-დანადგარებითაა აღჭურვილი. მიმდინარე წელს დაგეგმილია 3 ათასი ტონა ყურძნის ჭაჭის მიღება-გადამუშავება, საიდანაც მიღებული იქნება 55-60 ტონამდე ყურძნის წიპწის ზეთი და წიპწის ფქვილი.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ასეთი საწარმოს გახსნა ბოლო წლებში მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ხარისხის კონტროლის მიმართულებით.
„ჩვენი გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ნარჩენების მართვაა. 2014 წლიდან მივიღეთ სტრატეგიული გადაწყვეტილება და დავიწყეთ იმ გამოწნეხილი მასის მკაცრი კონტროლი, რომელიც ყურძნის გადამუშავების შემდეგ რჩება. საწარმოებიდან მიღებული ჭაჭა, მრავალი წლის განმავლობაში მეორადი წარმოების, ანუ ღვინის ფალსიფიკაციის წყარო იყო, ეს ღვინო კი, ძირითადად, ადგილობრივ ბაზარზე იყიდებოდა. საწარმოდან ჭაჭის გატანა და ფიზიკურ პირებზე გადაცემა უკვე რამდენი წელია შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, ღვინის საწარმოები ყურძნის დაწურვის შემდეგ დარჩენილ ჭაჭას ანადგურებენ, რაც საკმაოდ გარკვეულ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ახლადგახსნილ საწარმოში კი, ჭაჭის მასის გადამუშავებით,ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია მიიღება“,

პროდუქცია, ამ ეტაპზე, მთლიანად საექსპორტოდაა განკუთვნილი და რეალიზაციასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები თურქ და ესპანელ პარტნიორებთან მიმდინარეობს. საწარმოში მუდმივად დასაქმებული იქნება 25-მდე ადგილობრივი, ხოლო სეზონურად (აგვისტო-ნოემბერი), დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდება.



| Print |
FaceBook Twitter Google