სოფლის მეურნეობა
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების გამოფენაში 27 ქართული კომპანია მონაწილეობს
გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ყოველწლიურ საერთაშორისო გამოფენაში „ProWein-2019“ ქართული ღვინის მწარმოებელი 27 კომპანია მონაწილეობს.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, წელს გამოფენას მსოფლიოს 133 ქვეყნიდან 60 ათასამდე ღვინის პროფესიონალი და დაინტერესებული სტუმარი ეწვია, რაც კომპანიებისთვის ახალი კონტაქტებისა და იმპორტიორების მოძიების საუკეთესო შესაძლებლობაა. გამოფენაზე საკუთარი პროდუქცია 60-მდე ქვეყნის მეწარმეებმა წარადგინეს.


გამოფენა ProWein წელს საიუბილეოა - იგი 25-ედ იმართება. საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს. თავდაპირველად, საქართველოდან გამოფენაში მონაწილეობა მხოლოდ 5-მა კომპანიამ მიიღო. გამოფენის ფარგლებში ორ ქართულ კომპანიას „მეღვინეობა ჩელთის“ და „მეღვინეობა ვაზიანს“ ევროპის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე "MUNDUS VINI"-ზე მოპოვებული ჯილდოები გადაეცათ. კერძოდ, „მეღვინეობა ჩელთის“ ღვინოებმა 4 ოქროს მედალი და 1 “გრანდ ოქრო“, ხოლო „მეღვინეობა ვაზიანის“ ღვინომ ოქროს მედალი დაიმსახურა.



| Print |
FaceBook Twitter Google