სოფლის მეურნეობა
ყურძნის ჩასაბარებლად კადასტრის ცნობის აღება სავალდებულოა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრის პროგრამის განხორციელება დაიწყო. წელს მევენახეები მიკროზონის ყურძნის ჩაბარებას მხოლოდ კადასტრის ამონაწერის საფუძველზე შეძლებენ.



სად უნდა აიღონ ცნობა და რისთვის არის საჭირო აღნიშნული პროცედურა, ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს უფროსი დავით მაღრაძე გვესაუბრა.
- ბატონო დავით, რა არის კადასტრი და რა სამუშაოები სრულდება ამ ეტაპზე ?
- ვენახების კადასტრი არის საინფორმაციო სისტემა ვენახისა და მევენახეების შესახებ, ანუ ერთგვარი მონიტორინგის საშუალება. ადრე არსებობდა სასოფლო სამეურნეო აღწერები, რომელიც ოცი წლის ინტერვალით კეთდებოდა. დღეს ახალ რეალობაში ვართ, ტექნოლოგიები ვითარდება და ჩვენი დარგიც უფრო დინამიური გახდა. ევროპის ქვეყნები დიდი ხანია ვენახების საკადასტრო აღრიცხვას აწარმოებენ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა საჭიროება, ჩვენც იგივე სისტემაზე გადავსულიყავით. ვენახების საკადასტრო ბაზა განახლებადია და ის უფრო დიდი სიზუსტით შეესაბამება რეალობას, ვიდრე ძველად იყო.

- უფრო კონკრეტულად, რა ინფორმაციას იძლევა კადასტრი და რისთვისაა საჭირო?
- ის საჭიროა როგორც მევენახისთვის, ისე მეღვინეებისა და ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის. მევენახეებისთვის ეს ნიშნავს: რთველის პროცესის გამჭვირვალობას და ყურძნის ჩაბარების გამარტივებას, მათი ინტერესების დაცვას, ყურძნის ხარისხის გაუმჯობესებას და მისი მოყვანის ტექნოლოგიების განვითარებას. მეღვინეებისთვის ნიშნავს ყურძნის შერჩევის ხელშეწყობას და ღვინის ხარისხის გაუმჯობესებას, რადგან მათ დანამდვილებით იციან მარანზე მიტანილი ყურძენი, რომელი მიკროზონიდანაა. კადასტრი თვითონ სააგენტოსთვისაც მნიშვნელოვანია. ჩვენთვის ეს არის: ქვეყნის მასშტაბით ვენახების ფართობის, ასევე ყურძნის წარმოების მონიტორინგისა და კონტროლის შესაძლებლობა; დარგის განვითარების ხელშეწყობა; ქართული ღვინის კონკურენტუნარიანობის გაზრდა, იმიტომ, რომ საბოლოოდ ჩვენი ცალკეული მიკროზონებია თუ არა მიკროზონები ერთი დიდი ქართული ბრენდის სახელით გადის უცხოურ ბაზარზე. მისი პრესტიჟის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასე რომ კადასტრის სახით, მთლიანი ჯაჭვის აწყობა ხდება.

- რას შეცვლის საკადასტრო ცნობა რთველის პროცესში?
- ჩვენ ვაკეთებთ ცნობებს, რომელსაც ადრე სოფლის რწმუნებული გასცემდა. ამით რთველის პერიოდში გამგეობებზე დიდი დატვირთვა მოდიოდა. ვცდილობთ, ეს პროცესი შესაბამისად უფრო ადრეულ პერიოდში გადმოვიტანოთ. ამჟამად სოფლის წარმომადგენლები გვეხმარებიან მონაცემების შეკრებაში. რთველის პერიოდში, ისეთი დაძაბული ვითარება, როგორც წინა წლებში გვქონდა, აღარ იქნება. აღარც ის გახდება საჭირო, რომ მევენახემ ყურძნის დაკრეფის დღეს აიღოს საბუთი რწმუნებულისგან. მოსახლეობა ყურძენს საკადასტრო ცნობის საფუძველზე ჩააბარებს, რომელიც თან უნდა იქონიოს. დანარჩენი სად მიმართონ და როგორ ჩააბარონ მოსავალი, ამ საკითხს რთველის შტაბი დაარეგულირებს.

- როგორ და ვისზე ხდება ცნობის გაცემა?
- მევენახე ვალდებულია მოვიდეს, კიდევ ერთხელ გადაამოწმოს თავისი ვენახის მონაცემები და თუ რამე ინფორმაცია გვაკლია, ჩაგვასწორებინოს. ამის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ამონაწერს ორ პირად, ერთი რჩება ჩვენთან და ერთი მევენახესთან. ფაქტობრივად, ამ დოკუმენტით ხდება იურიდიული შეთანხმება ჩვენსა და მევენახეს შორის. პროცედურულად ვენახის ამონაწერის გაცემა ერთ პიროვნებაზე ხდება. ჩვენ არ ვთხოვთ საკუთრების დამადასტურებელ მოწმობას. ოჯახის წევრებმა თვითონ უნდა გადაწყვიტონ ვისზე გავცეთ ცნობა, ამას წინასწარ ვეკითხებით, ასევე ვუთითებთ მეორე ალტერნატიულ პიროვნებასაც, ვინც შეიძლება, რომ ყურძენი მიიტანოს ქარხანაში. თუ მევენახეს ცნობა არ აქვს, ყურძენს ვერ ჩააბარებს. ამიტომ მისი აღება სავალდებულოა.

- რა დაუჯდება მევენახეს ეს პროცედურა?
- ყველა პროცედურა უფასოა, ერთადერთი მას მოეთხოვება, რომ მოვიდეს ჩვენს მიერ გახსნილ პუნქტებში, სადაც გვყავს ოპერატორები და მოიტანოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. გურჯაანში დღევანდელი მდგომარებით გვაქვს ექვსი ლოკაცია: ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ შენობაში, ველისციხეში, ვაზისუბანში, კალაურში, ვაჩნაძიანსა და ახაშენში. როცა აქ დასრულდება პროცესი, ჩვენი წარმომადგენლები სხვა სოფლებში გადავლენ. ამჟამად საკადასტრო ცნობების გაცემა ყვარელსა და გურჯაანში, ოთხ მიკროზონაზე კეთდება. წელს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მოვიცავთ მხოლოდ ქალაქ გურჯაანს და ყველა სოფელს ჩუმლაყიდან კახიფარის ჩათვლით.

- როდის დასრულდება ცნობების გაცემის პროცესი?
- ოპერატორები იმუშავებენ 31 აგვისტომდე. პროცედურა ნახევარ საათს საჭიროებს. ამიტომ ჩვენი თხოვნაა, ნუ დაელოდებიან ბოლო დღეებს, როცა რიგები შეიქმნება. იაქტიურონ და ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, ცხრიდან ექვს საათამდე მობრძანდნენ ჩვენს ოფისებში.

- თუ მევენახემ დაკარგა ცნობა, სად შეუძლია მისი ხელმეორედ აღება?
- ასეთ შემთხვევაში, ისევ ჩვენ უნდა მოგვმართოს, ანუ ღვინის ეროვნული სააგენტოს კადასტრის სამმართველოს.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ან ღვინის სააგენტოს ცხელ ხაზზე: 0322 47 01 01; 1501.

| Print |
FaceBook Twitter Google