სოფლის მეურნეობა
ფერმერების თქმით, ვაშლატამის ფასი მკვეთრად დაეცა
გურჯაანში ფერმერები ატმის გასაყიდი ფასით უკმაყოფილოები არიან. სიმონ რუაძეს ატამი ჩუმლაყში ორ ჰექტარზე აქვს გაშენებული. როგორც ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რეალიზაცია კარგად მიმდინარეობს, თუმცა იაფად იყიდება.


„ზოგი ახალი ნერგია ზოგიც უკვე მოსავალს იძლევა. წელს დაახლოებით ორმოც ტონას ველოდები. 16 ტონამდე უკვე გავყიდე. ფასი თავიდან კარგი იყო, თუმცა მერე დაიწია. ყიდვით, ასე თუ ისე, იყიდება, რაც მთავარია, ადგილზე არ ფუჭდება. იყო წლები, როცა მოსავალი ხეზე დავტოვე, არც კი ჩამომიკრეფია. ფასებს, ზოგადად, ადგილობრივი ბაზარი არეგულირებს, ტრაილერზე ხარისხის მიხედვით 60-70 თეთრად ბარდება. არ ვართ კმაყოფილი, ლარი და ოცი მაინც უნდა ღირდეს, რომ გლეხმა დანახარჯი ამოიღოს, მოგება დარჩეს და ნაკვეთები სამომავლოდ დაამუშავოს. მე ბიოპროდუქტი მაქვს და ძირითადად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გადის. “


დღეს ჩუმლაყში იმყოფებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი. მან ატმის ბაღები და სამაცივრე მეურნეობები დაათვალიერა, შეხვდა ფერმერებს და ატმის რეალიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნო.
სოლომონ პავლიაშვილის თქმით, ატმისა და ვაშლატამის რეალიზაცია შეუფერხებლად მიმდინარეობს და როგორც გასულ წელს, პროცესი წელსაც ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება.


„დღეის მდგომარეობით მოკრეფილია 12 ათასი ტონა ატამი. აქედან საშუალოდ 4 ათასი ტონა ექსპორტირებულია. არც საბაჟოზე და არც საგადასახადოში შეფერხება არაფერზე არ არის. მინდა გითხრათ, რომ ცხრავე სამაცივრე მეურნეობა დატვირთულია. დღე-ღამის განმავლობაში საშუალოდ ათას ორასი ტონა იკრიფება. რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც ხდება და ექსპორტზეც გადის. გუშინ, მაგალითად, 400 ტონის ექსპორტი მოხდა. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ყველა პირობას ქმნის, რომ პროცესი შეუფერხებლად განვითარდეს. დღეის მდგომარეობით მაღალი ხარისხის ატმის ფასი 1.20 და 1.40-ია, გადარჩეული და არასტანდარტული შეიძლება 20-40 თეთრი იყოს.“


მისივე თქმით, 10-15 დღეში წვენის ქარხანაც დაიწყებს მიღებას. სადაც მოსახლეობას არასტანდარტული პროდუქციის ჩაბარების საშუალება ექნება.

| Print |
FaceBook Twitter Google