სოფლის მეურნეობა
კახეთიდან ექსპორტზე 5800 ტონაზე მეტი ატამი გავიდა
ამ დროისათვის კახეთში დაახლოებით 15 ათასი ტონა ვაშლატამა და ატამია მოკრეფილი, აქედან 5800 ტონაზე მეტი ექსპორტზეა გატანილი, დანარჩენის რეალიზაცია კი შიდა ბაზარზე მიმდინარეობს.


ამის შესახებ speqtri.ge-ს საქართველოს გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამმართველოს ხელმძღვანელმა ნოდარ ხოხაშვილმა განუცხადა.
„15 ათასი ტონიდან დაახლოებით 40% ატამია და 60% ვაშლატამა. ძირითადად მისი რეალიზაცია ხდება შიდა ბაზარზე, თუმცა ექსპორტზეც გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: სლოვენია, კატარი, უკრაინა, ყაზახეთი, სომხეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი. ფასები შარშანდელთან შედარებით უფრო მაღალია.“


speqtri.ge-ს კითხვაზე: ფერმერები საუბრობენ, რომ ფასმა მკვეთრად დაიწია და რამ განაპირობა? - ნოდარ ხოხაშვილი პასუხობს, რომ ეს ატმის ხარისხიდან გამომდინარეობს.
„მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ დაბალი ხარისხის ატამი იქნება თუ ყურძენი, მაღალ ფასად ვერ გაიყიდება.“


მისივე თქმით, არასტანდარტული ატამი არ არის იმ რაოდენობის, რომ ამისთვის სპეციალურად ქარხნები გაიხსნას, თუმცა მას იღებს გორის საკონსერვო ქარხანა „კულა“. ასევე ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობა და მისგან ხილფაფას აკეთებენ. „ამ ეტაპზე შპს „აჩინებული“უეკლო მაყვალს იბარებს და ატამსაც მიიღებს. ასეთი სურათია დღეს. ორ-სამ კვირაში ალბათ სეზონიც დასრულდება.“


როგორც ნოდარ ხოხაშვილი ამბობს, წელს კახეთში დაახლოებით 35 ათას ტონა ატმის მოსავალს ელოდებიან.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ატამი / ექსპორტი /