სოფლის მეურნეობა
კახეთში ყურძენი მზისგან იწვება

მაღალი ტემპერატურის გამო, კახეთში ყურძენი მზისგან იწვება და ზიანდება. რთვლის დაწყებამდე დაახლოებით ორი კვირაა დარჩენილი.





რა უნდა გააკეთოს ამ დროს მევენახემ და იმოქმედებს თუ არა ეს ყურძნის ჩაბარებაზე? - ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტოს გურჯაანის ცენტრის სპეციალისტი ივანე ბასილაშვილი გვესაუბრა.
როგორც მან განაცხადა, ამჟამად ყურძნის გადარჩენა შეუძლებელია და მსგავსი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად მევენახემ ზომები გაფურჩვნის დროს უნდა მიიღოს.
"მევენახეობაში ერთ-ერთ აგროტექნიკურ ღონისძიებად მტევნის ზონაში ფოთლის შეცლა ითვლება. როგოც წესი ვაზს, მტევნის ქვემოთ ორი ფოთოლი უნდა შეეცალოს, მაგრამ ხშირად ფოთოლი ზემოთაც არის გაცლილი და მტევნებია გამოჩენილი.ისეც ხდება, რომ არის სიგრილე და უცებ რამდენიმე დღეში ტემპერატურა მკვეთრად მაღლა იწევს. ამ დროს სინოტივეს შეჩვეული მარცვალი ვერ უძლებს და იწვება. უჯრედები გადაგვარებას იწყებენ და კვდებიან. ალბათ ხშირად შეგიმჩნევიათ მტევანი ერთ მხარეს დამწვარია, ხოლო მეორე მხარეს მარცვლები საღია. "


ივანე ბასილაშვილის განმარტებით, ამ პროცესს მარცვლის დაწვა, ხოლო ტერმინოლოგიის ენით არუჯვა ჰქვია.
"პირველ ორ დღეს მტევანი ისე გამოიყურება თითქოს ადუღებული წყალი აქვს დასხმული, მერე უჯრედები კვდება და ხმება. 2015 წელს ამის გამო რაიონის მასშტაბით 5 ტონამდე ყურძენი დავკარგეთ. სადაც მტევანზე ფოთოლია დაფარებული ეს პროცესი არ მიმდინარეობს, რადგან ამ შემთხვევაში, სხივებს ფოთოლი ღებულობს. ეს არის სრულფასოვანი ფოთოლი, რომელიც კვებავს თავის თავსაც, მტევანსაც და ვაზსაც. მისი გამოცლით ვაზი ხელოვნურად კნინდება. ამ შემთხვევაში ყურძნის გადარჩენის არანაირი გამოსავალი არ არსებობს რადგან ის უკვე მკვდარია. ვერც წყალი და ვერც წამალი მას ვერ გააცოცხლებს. არუჯვის პროცესი გარდა მზისა, ნიადაგის თავისებურებაზეც არის დამოკიდებული. ურწყავში უფრო ხშირია მსგავსი შემთხვევები, ვიდრე იმ ადგილებში, სადაც ვენახი ირწყვება. კიდევ მნიშვნელობა აქვს ნიადაგის სიჭრელეს. სადაც ნიადაგი ნოყიერი და ღრმაა, იქ შედარებით ნაკლებად იწვის, რადგან სიღრმიდან საკმარის სინესტეს იღებს. "


მისივე თქმით, მზისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარების საკითხი, უკვე მევენახეზე და მეღვინეებზეა დამოკიდებული, ამ შემთხვევაში გარიგება მათ შორის უნდა მოხდეს.

 

| Print |
FaceBook Twitter Google