სოფლის მეურნეობა
კომპანია „ბოლერომ“ გურჯაანში რთვლის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გამართა
დღეს გურჯაანში „გრუზვინპრომის" ღვინის საწარმოში, ღვინის კომპანია "ბოლერომ" რთვლის დაწყების ოფიციალური ღონისძიება გამართა, რომელსაც სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლები დაესწრნენ.


მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით, რთველი კახეთში უკვე აქტიურ ფაზაში შედის და ამიტომ დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია.
„სამწუხაროდ, ამინდები არ გვაძლევს საშუალებას, მაგრამ იმედია, მალე გამოიდარებს. დღევანდელი ღონისძიება ძალიან მნიშნელოვანია რთველს ყოველთვის უხდება ზეიმი. ცერემონია, რომელიც დღეს ამ კომპანიაში გაიმართა, ვფიქრობ, იმის გამოხატულებაა, რომ რთველი წარმატებით მიმდინარეობს. აქ არის უამრავი სტუმარი: ამერიკელები, ფრანგები ესპანელები და ა.შ. ყველას აინტერესებს რთველი საქართველოში და მასში მონაწილეობა. კონკრეტულად კომპანია აფორმებს ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც წლის ბოლომდე რამდენიმე ათას ტონამდე საბრენდე სპირტის მიწოდებას ითვალისწინებს საფრანგეთში და ეს ძალიან კარგია.“


კომპანია „ბოლეროს“ გენერალური დირექტორის ირაკლი ბექაურის განმარტებით, დღეს ორი ხელშეკრულება გაფორმდა.
„კომპანია „ბოლეროს“ აქვს რთვლის ოფიციალური გახსნის ცერემონია, რომელზეც მოვიწვიეთ არსებული და პოტენციური პარტნიორები რამდენიმე ქვეყნიდან. ამერიკიდან ჩამოსულები არიან ჩვენი პოტენციური პარტნიორები და მათთან ფორმდება მემორანდუმი, ასევე მემორანდუმი გაფორმდა ფრანგულ კომპანია „ტესსანდიე ეთ ფილს“-ის წარმომადგენლებთან. ჩვენგან არის პირველი მცდელობა, რომ მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართული საბრენდე სპირტის ექსპორტი და ვფიქრობ, ამ კუთხით ძალიან მნიშნელოვანი ნაბიჯი იქნება. სპირტთან ერთად გვინდა მოვახდინოთ ბოთლში ჩამოსხმული პროდუქციის - ღვინის და ბრენდის ექსპორტი, ეს იქნება დივესრიფიცირებული ბაზრის სტრატეგიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და გარანტია, რომ ხვალ და ზეგ ქართულ ალკოჰოლურ სასმელებს უეცარი ემბარგოები არ დაემუქრება.“

მოწვეულმა სტუმრებმა დააგემოვნეს ბადაგი, დაესწრნენ თათარის გაკეთების პროცესს და საწნახელში ყურძენიც დაწურეს.

| Print |
FaceBook Twitter Google