სოფლის მეურნეობა
კანადაში ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება დაიმსახურა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კანადაში, გამოფენაზე Apimondia 2019 ქართულმა თაფლმა მაღალი შეფასება მიიღო.


უწყების ინფორმაციით, კანადაში, კვებეკის პროვინციის ქალაქ მონრეალში გამართულ უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაზე ქართული თაფლის მწარმოებლებს წელს პირველად მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი პროდუქცია წარედგინათ და 80-მდე ქვეყნის დელეგაციის წევრებისა და ვიზიტორებისთვის გაეცნოთ.
„დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის“, „ქართული ტრადიციული მეღვინეობის“, „ნენას" და შპს "ფუტკარი"-ს მიერ წარმოდგენილმა თაფლის ნიმუშებმა დარგის სპეციალისტებისა და გამოფენის სტუმრების მაღალი შეფასება დაიმსახურეს.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, სიმპოზიუმზე 7 თემატური ჯგუფი შეიქმნა; ეს ჯგუფებია: დაავადებასთან ბრძოლა; კლიმატის ცვლილებების შედეგად წარმოშობილი ახალი რეალობა; ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი სიახლეები; სოფლის განვითარებაში მეფუტკრეობის როლი; მედიცინაში ფუტკრის და მისგან ნაწარმოები პროდუქტების მნიშვნელობა; ფუტკრის გენეტიკური გაუმჯობესება; პესტიციდების გავლენა ფუტკარზე.

მონრეალში გამართულ ღონისძიებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი, კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე, ასევე, ქართული თაფლის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თაფლი / კანადა /