სოფლის მეურნეობა
თელავში ექსპორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს
USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამისა და ექსპორტის განვითარების ასოციაციის (EDA) წარმომადგენლები თელავში ფერმერებს შეხვდნენ.
შეხვედრა ახალი პროექტის „Crop2Shop“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ადგილობრივი წარმოების ექსპორტის ხელშეწყობას ითვალისწინებს.

შეხვედრაზე ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. „ექსპორტის განვითარების ასოციაციის“ ექსპერტებმა კი მეწარმეებს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რეგულაციები და მოთხოვნები გააცნეს.

„USAID-ის სოფლის პროგრამის დაფინანსებით, ექსპორტის განვითარების ასოციაცია ახორციელებს პროექტს ექსპორტიორი კომპანიებისთვის და ასევე მათთვისაც, ვისაც პროდუქციის ქვეყნის ფარგლებს გატანა სურს. პროექტის ერთ-ერთი ნაწილია, შევქმნათ საიტი, სადაც პროცედურები იქნება გაწერილი, მაგალითად ატამი როგორ გავიტანოთ არაბეთში. აქ დაიდება სტატისტიკური ინფორმაციაც. დღეს შევკრიბეთ მეწარმეები, გავიგეთ მათი საჭიროებები , შესაძლებლობები და პრობლემები. პრობლემების აღმოჩენის შემდეგ დაიგეგმება ნაბიჯები, რათა ხელი შევუწყოთ ექსპორტს“- განაცხადა ექსპორტის განვითარების ასოციაციის პროექტის მენეჯერმა დავით მაყაშვილმა.

შეხედრას ესწრებოდა გურჯაანელი ფერმერი ნიკა გეთიაშვილი.

-„შეხვედრაზე მოხდა აზრთა გაცვლა-გამოცვლა მწარმოებლებსა და ექსპორტიორებს შორის. საუბარი ეხებოდა, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ პროდუქციის შეფუთვაზე, მოყვანაზე, რა კულტურები შეიძლება ვაწარმოოთ, რომ მოთხოვნადი იყოს. ჩემი მიმართულება ხილის წარმოებაა, გასაღების ბაზარი კი ძირითადად უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი. თუ კიდევ სადმე იქნება საინტერესო ჩემი პროდუქცია, ეს არაბეთის ქვეყნებია. იქ ხაზი ჯერ არ არის გაჭრილი და ეს საკითხი ჩემთვის საინტერესო იყო,“-აღნიშნა ნიკა გეთიაშვილმა.

ექსპორტის განვითარების ასოციაცია თბილისსა და რეგიონებში 15-მდე შეხვედრა ჩატარებას გეგმავს, სადაც ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიების საჭიროებების შეისწავლიან.

| Print |
FaceBook Twitter Google