სოფლის მეურნეობა
ექიმობიდან ფერმერობამდე [Video-Audio]
იზოლდი ქიტესაშვილი პროფესიით ექიმი-ნევროპათოლოგია. თუმცა, ეს ხელს არ უშლის, რომ პარალელურად, სოფლის მეურნეობაშიც იყოს ჩართული. მისი ინტერესი კენკროვნების მიმართ, როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით გარემოებას უკავშირდება.

ყველაფერი გაეროს პროგრამის ფარგლებში- 2009 წლიდან დაიწყო. გურჯაანის მუნიციპალიტეტის, სოფელ კაჭრეთის საზოგადოებრივ კოლეჯ „აისის“ ბაზაზე გაკეთდა ექსტენციის ცენტრი, სადაც მიწვეულები იყვნენ სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლები. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საჩუქრად გადასცეს ჟოლოსა და მაყვლის ნერგები. ერთი წლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მაყვლის ნერგების გახარება მხოლოდ იზოლდიმ შეძლო.

-„რაც შეეხება ჟოლოს, ჩვენს პირობებში ვერ გაიხარა, იქიდან გამომდინარე, რომ კახეთში მზე ძალიან აქტიურია.“- ამბობს იზოლდი ქიტესაშვილი.

მას შემდეგ, რაც უეკლო მაყვლის კულტურა უფრო ცნობადი გახდა, საქართველოს მასშტაბით ბევრმა ფერმერმა გააშენა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კენკროვნები ცალკე დარგადაც გამოყო.

როდესაც იზოლდი ქიტესაშვილმა, გარკვეული გამოცდილება დააგროვა ამ კულტურის მოვლის თვალსაზრისით, გადაწყვიტა, ნარგავები გაეუმჯობესებინა. მთავარი აქცენტი კი, ისეთ ჯიშებზე გააკეთა, რომლებიც არასეზონურია და ნაყოფს თითქმის წელიწადის ყოველ დროს იძლევა. ერთ-ერთი ასეთი სახეობაა პრაიმარკ ფრიდემ.

მისი თქმით, ეს რემონტადული ჯიში მთელი წლის განმავლობაში ყვავის და ისხამს ნაყოფს.
-„შარშან გამოისხა მცირე ნაყოფი, თუმცა წელს უკვე კარგ მოსავალს ველით, აღსანიშანავია ის ფაქტიც, რომ ეს კონკრეტული სახეობა ნოემბრის ბოლოსაც კი ყვაოდა.“ - გვიყვება ფერმერი.

მისი თქმით, ეს საქმიანობა საკმაოდ ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული.
პირველი პრობლემა, რაც ბაღების გაშენებას და მოსავალს მოჰყვა იყო რეალიზაცია. როგორც იზოლდი ქიტესაშვილი მბობს, პროდუქტი ადგილობრივი ბაზრისთვის ჭარბი აღმოჩნდა, ამას დაემატა მისი განსხვავებული ფორმა, ვინაიდან საზოგადოებას აქამდე არ ენახა მსგავსი ნაყოფი. მაყვლის ერთი მარცვალი თორმეტიდან თვრამეტ გრამამდე იწონიდა. ხოლო პრაიმარკ ფრიდემის ჯიშის შემთხვევაში, საშუალოდ მარცვალი 20 გრამს იწონის.

ფერმერმა, გასულ წელს, შუალედური რგოლის დახმარებით 2 ტონა მაყვალი რუსეთში გაიტანა, თუმცა, იმის გამო, რომ არ იცოდნენ რა ფორმით უნდა დაეფასოებინათ და როგორ შეენახათ, ვერ შეძლეს ისეთი ბაზრების ათვისება, როგორიცაა ყატარი და დუბაი. მისი თქმით, ყველა ქვეყანას აქვს საკუთარი სტანდარტები, რომელთა დაკმაყოფილებაც მნიშვნელოვანია. თუმცა, ქართველ ფერმერებს ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ.
-„ესმარკეტინგის საკმაოდ რთული საკითხებია, იმიტომ, რომ პირველები გავდივართ ამ გზას.“ - ამბობს იზოლდი ქიტესაშვილი.

გამოცდილების გაზიარებისა და პრობლემების ერთობლივად გადაჭრის მიზნით, მან თანამოაზრეებთან ერთად, კენკროვნების მწარმოებელთა ასოციაციაც დააარსა. ორგანიზაციის მიზანია, დამწყები ფერმერების ინფორმირება. იზოლდი ქიტესაშვილი მზადაა, დაუღალავად და უსასყიდლოდ გაუზიაროს გამოცდილება საზოგადოების იმ წევრებს, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ამ დარგში საქმიანობა.

-„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარისხიანი პროდუქციის მოყვანა, ვინაიდან ექსპორტიორები და მიმღები ქვეყნები აქცენტს სწორედაც ხარისხზე აკეთებენ. მე რაც არ უნდა ხარისხიანი და ბევრი პროდუქცია მქონდეს, თუ სხვამაც არ იზრუნა ხარისხზე მაინც არასაკმარისი იქნება მოსავალი, რადგან საზღვარგარეთ გასატანად დიდი ოდენობაა საჭირო.“


იუსაიდის პროექტის ფარგლებში, იზოლდი ქიტესაშვილმა, ჩირის წარმოებაც დაიწყო.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ჩირის დაფასოება და სუპერმარკეტებში მისი რეალიზაცია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, იმისათვის, რომ ჩირი არ დაჭიანდეს და არ დაობდეს, დამატებით სხვა ტექნოლოგიების ცოდნაცაა საჭირო. თუმცა, პრობლემას წარმოადგენს კადრების დეფიციტი. ის მზად არის, რომ რუსულის მცოდნე, დაინტერესებული პირი გაუშვას კვალიფიკაციის ასამაღლებლად სასომეხთში, სადაც მისი თქმით, ჩირის წარმოება ხელოვნების დონეზეა აყვანილი.

-„ჩირის გამოშრობა საკმაოდ რთული პროცესია, არც ტექნოლოგი გვყავს, რომელსაც ეს პროცესი ეცოდინება და ამასთანავე რომც იყოს, არც ეკონომიკური მდგომარეობა გვიწყობს ხელს.“

სოფლის მეურნეობის და სურსათის დეპარტამენტის უფროსის თენგიზ კალანდაძის თქმით, მათი უწყება ეხმარება ადგილობრივ წარმოებას, აკავშირებენ საზღვარგარეთ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და უკვე დანარჩენი მათი ურთიერთობის საკითხია.

მისივე განმარტებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროში, სამეცნიერო კვლევით ცენტრსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოში ფერმერებს ნიბისმიერ საკთხზე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. რაც შეეხება ტექნოლოგიურ საკითხებს, თენგიზ კალანდაძის თქმით, ამ პროცესში სახელმწიფო არ არის ჩართული. ტექნოლოგიის ათვისება ფერმერებს შეუძლიათ აგრარულ ან ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც არის სპეციალური კურსები ამ მიმართულებით.



საქართველოს სტატისტისკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში მრავალწლოვანი კულტურები სულ 120 800 ჰექტარზეა გაშენებული. მათ შორის კენკროვნები მხოლოდ ათას ჰექტარს წარმოადგენს, 74 800 ჰექტარზეა ხეხილის ბაღი, ციტრუსის პლანტაციები - 8 900 ჰა, ხოლო ვენახი - 36 100 ჰექტარზე.



| Print |
FaceBook Twitter Google