სოფლის მეურნეობა
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრარულ ბაზრებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები რეგიონისა და დედაქალაქის აგრარული ბაზრებში მონიტორინგს ყოველდღიურად ახორციელებენ.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სააგენტოს სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და აქტიური კონტროლის შედეგად, აგრარულ ბაზრებში ვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესებულია.

„სურსათის ეროვნული სააგენტო კოორდინირებულად მუშაობს ადგილობრივ თვითმმართველობებთან და სამართალდამცავ ორგანოებთან. მონიტორინგის პარალელურად, სააგენტოს სპეციალისტები ბაზრების ადმინისტრაციას ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით დადგენილ რეკომენდაციებს აცნობენ. ამასთან, სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში მოწმდება სურსათის შენახვის, განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და სურსათის ეტიკეტირება. მოვუწოდებთ ბიზნესოპერატორებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, მაქსიმალურად დაიცვან რეკომენდაციები და კანონმდებლობით გათვალისწინებული სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.“ - აცხადებენ სააგენტოში.

რამდენიმე დღის წინ გურჯაანის აგრარულ ბაზარს ესტუმრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, სოლომონ პავლიაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ირაკლი შიოშვილი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი. ისინი ადგილზე გაეცნენ, თუ რამდენად დაცულია უსაფრთხოების გამკაცრებული ნორმები და რეკომენდაციები.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გურჯაანის აგრარულ ბაზარს დღეში რამდენჯერმე უტარდება დეზინფექცია და ვაჭრობა შესაბამისი ინსტრუქციების დაცვით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული 130 შემთხვევაა, მათგან 26 გამოჯანმრთელებულია.
| Print |
FaceBook Twitter Google