სოფლის მეურნეობა
ატმის რეალიზება ახლაც ისე მოხდება, როგორც გასულ წელს - სოფლის მეურნეობის სამინისტრო
კახეთში აქტიურად მიმდინარეობს ვაშლატამის შეწამლვისა თუ სხვა საგაზაფხულო სამუშაოები. თუმცა, გლეხებისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია, ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენების გამო, რამდენად შეძლებენ მის რეალიზაციას.

გურჯაანში მცხოვრებ ლევან ბარბაქაძეს ატმის ბაღი დაახლოებით 72 მეასედზე აქვს გაშენებული. ამბობს, რომ წელსაც დაამუშავა - მოხნა და რამდენჯერმე შეწამლა, თუმცა მოახერხებს თუ არა გაყიდვას და ხარჯების დაფარვას, მისთვის ჯერჯერობით გაურკვეველია.

-„52 მეასედზე ვაშლატამა მიდგას, დანარჩენში - ატამი. როგორც კი სეზონი დაიწყო, იქიდან მოყოლებული სხვადასხვა სამუშაო ჩავატარე. უკვე რამდენიჯერმე მოვწამლე, მაგრამ კიდევ საჭიროა შეწამლვა. უბრალოდ ვფიქრობ, ღირს თუ არა ხარჯის გაწევა, რომელიც გულისხმობს არამარტო წამლის ყიდვას, არამედ ტრაქტორის მომსახურებასაც. რეალურად არავინ ვიცით ქვეყანაში მოვლენები როგორ განვითარდება ამ კარანტინის პირობებში და რამდენად იქნება შესაძლებელი გადამყიდველების შემოსვლა, რომ ატამი ქვეყნის გარეთ გაიტანონ, თორემ ადგილობრივ ბაზარს ამდენი ატამი ნამდვილად არ სჭირდება. თუ ასე არ მოხდა, გადასაყრელი გახდება. წინ ისედაც რთული პერიოდი გველის და ამ ხარჯის უაზროდ გაღება ზედმეტი ტვირთია. ჩემს მდგომარეობაში ბევრია.“

როგორც speqtri.ge-ს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესამსახურში განუცხადეს, ატმის რეალიზაციასთან დაკავშირებით სამინისტროს განსაკუთრებული ღონისძიებები არ აქვს დაგეგმილი, რადგან ამ მიმართულებით პრობლემა არ არსებობს.

„ეხლაც კარანტინია, მაგრამ სურსათი ჩვეულებრივ შემოდის, შეზღუდვა უშუალოდ სურსათს არ ეხება, არც კარანტინის რეჟიმში. ამიტომ სამინისტროში ამაზე არ ნერვიულობენ. როგორც გასულ წელს ხდებოდა რეალიზაცია, წელსაც ისევე იქნება.“

სამინისტროს ინფორმაციით ფასსაც, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ბაზარი დაარეგულირებს.


| Print |
FaceBook Twitter Google