სოფლის მეურნეობა
ერთი ტომარა ფქვილი 51 ლარი ეღირება - მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა დაამტკიცა
საქართველოში „ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის“ განხორციელებისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტიდან 5 200 000 ლარი გაიხარჯება.


მთავრობის დადგენილების მიხედვით, პროგრამის მიზანია არასაფურაჟე ხორბლის და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე არსებული საცალო სარეალიზაციო ფასის შენარჩუნება, ასევე ქვეყანაში ხორბლისა და პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილის მარაგების შექმნის სტიმულირება.

სუბსიდიის მოცულობა შეადგენს ერთ ტონა ხორბალზე არაუმეტეს 40 აშშ დოლარის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში.

„ბენეფიციარი (პირი, რომელთანაც პროგრამის ფარგლებში გაფორმებულია სუბსიდირების ხელშეკრულება) ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში იმპორტირებული ხორბლის გადამუშავების შედეგად მიღებული შესაბამისი მოცულობის პირველი ხარისხის ფქვილის რეალიზაცია განახორციელოს ერთ 50 კგ-იან ტომარაზე არაუმეტეს 51 ლარად სუბსიდირების ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან არაუგვიანეს მომდევნო 3 თვის განმავლობაში, პროგრამის პირობების და სუბსიდირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების გათვალისწინებით.
ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბენეფიციარს დაეკისრება მიღებული სუბსიდიით განსაზღვრული თანხის უკან დაბრუნება და პირგასამტეხლო, რომელიც განისაზღვრება მიღებული სუბსიდიის თანხის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 50 000 ლარისა.“ -აღნიშნულია დადგენილებაში.

ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრულია სუბსიდია არანაკლებ 2000 და არაუმეტეს 40 000 ტონა მოცულობის ხორბალზე და ეხება 2020 წლის 20 მაისის ჩათვლით იმპორტირებულ ხორბალს.

აღნიშნული პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო და სსიპ – შემოსავლების სამსახური. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.



| Print |
FaceBook Twitter Google