სოფლის მეურნეობა
ფერმერების გადაადგილებისა და მცირე მაღაზიების ოპერირებისთვის საშვებს მუნიციპალიტეტები გასცემენ - ლევან დავითაშვილი
სატრანსპორტი გადაადგილებების შეზღუდვამ და შეზღუდვის გაგრძელებამ, მოსახლეობას დამატებითი დისკომფორტი შეუქმნა. მერწმუნეთ, რომ მობილობის შეზღუდვა იყო აუცილებელი წინაპირობა იმისთვის, რომ არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა გვქონოდა და არა კატასტროფა, რომელიც გარდაუვალი იყო შეზღუდვების დაწესების გარეშე. -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

მისივე თქმით, გამოსავალი არის თანამშრომლობასა და მეტ კომუნიკაციაში.

„ ჩვენმა ფერმერებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ახლა არ არის მათთვის ყველაზე კომფორტული პერიოდი; ბევრი სირთულე შეიძლება იყოს მათ საქმიანობაში; გამოსავალი არის თანამშრომლობაში და მეტ კომუნიკაციაში. გადაწყვეტილებებს, რომლებიც ჩვენ ფერმერებისთვის მივიღეთ, გვაძლევს საშუალებას, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები, გარკვეული დაბრკოლებებით, თუმცა შეფერხების გარეშე ჩაატარონ. შესაბამისი მუნიციპალიტეტები ფერმერებისთვის გასცემენ საშვებს გადაადგილებისთვის, ასევე მცირე მაღაზიების ოპერირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ უკვე გაცხადდა ყველასთვის არის ხელმისაწვდომი, ჩვენ სატელეფონო შეტყობინებას ვუგზავნით ყველა ფერმერს საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება ფეხით გადაადგილებას ახლომდებარე საკარმიდამო, თუ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებში, მოგეხსენებათ, რომ შეზღუდული არ არის.

კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ თითოეული გადაწყევტილება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ არის რთული, მაგრამ საჭიროებიდან გამომდინარე“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში არსებული საგანგებო მდგომარეობის პირობებში, 27 აპრილამდე აკრძალულია მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. თუმცა, ნებადართულია გარკვეული კატეგორიებისთვის. ასევე დაშვებულია გადაადგილება სასოფლო-სამუეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით, დილით 6-დან 8 საათამდე, და საღამოს ნაკვეთიდან უკან დასაბრუნებლად 18-დან 19 საათამდე.


| Print |
FaceBook Twitter Google