სოფლის მეურნეობა
კახეთში პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება მიმდინარეობს
კახეთის რეგიონში ზამთრის საძოვრებიდან ზაფხულის საძოვრებისკენ ცხვრის გადარეკვის სეზონი ოფიციალურად 1 მაისს გაიხსნება. მანამდე, კახეთის რეგიონის მასშტაბით არსებული ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტებში, აქტიურად მიმდინარეობს პირუტყვის ბიოლოგიურ-ვეტერინარული დამუშავება.
ეს პროცესი ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ვეტერინარების მიერ სრულიად უფასოდ ხდება.


პროცესს ერთ-ერთ ვეტერინარულ პუნქტში ადგილზე გაეცნო კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი ქადაგიშვილი.

„დედოფლისწყაროდან დაიძრება ცხვარი, ერთი იქნება თუშეთის მიმართულებით, იქ დაახლოებით 40 000 სული გადაირეკება, მეორე - სამცხე-ჯავახეთის პლატოზე საძოვრების მიმართულები, სადაც დაახლოებით 280 000 სული ცხვრის გადარეკვა მოხდება. ყველა ფარა, რომელიც ზაფხულის საძოვრებისკენ გაემართება, გაივლის ვეტერინარულ-ეპიდემიოლოგიურ და ბიოლოგიურ დამუშავებას. ამასთანავე სურსათის ეროვნული სააგენტოსთან ერთად მოხდება მეცხვარეებზე კონტროლი, რომ მათი სამუშაო პირობები მაქსიმალურად მიახლოებული იყოს იმ მოთხოვნებთან, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო უწესებს ყველა სფეროს საქმიანობას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ წელს ამ პირობებში ნორმალურად მოხდება ცხვრის გადაყვანა ზაფხულის საძოვრებზე.“


ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მეცხვარეობა ეკონომიკის ერთ-ერთი მიშვნელოვანი სექტორია, რადგან გასულ წელს ექსპორტზე დაახლოებით 200 000 სული ცხვარი გავიდა. მისივე თქმით, 1 კილოგრამი ხორცის ფასი 15-დან 17 ლარამდე მერყეობდა. განსაკუთრებულად ფასობს ცხვრის ყველი, ე.წ. გუდის ყველი, რომელიც დღეს ბაზარზე საშუალოდ 25 ლარის ფარგლებშია.



| Print |
FaceBook Twitter Google