სოფლის მეურნეობა
რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირეთ მიწა - გიორგი გახარია
„მინდა, თითოეულ ფერმერს მოვუწოდო, ყველა ის მიწა, რომელიც სარგებლობაში გააჩნიათ და შეუძლიათ, რომ იყოს რეგისტრირებული, რაც შეიძლება სწრაფად დაარეგისტრირონ იმისთვის, რომ გახდნენ ბენეფიციარები ყველა იმ პროგრამის, რომელსაც დღეს სახელმწიფო ახორციელებს მათ სასარგებლოდ“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, მიწის სისტემური რეგისტრაცია, რომელსაც იუსტიციის სამინისტრო ახორციელებს, ძალზედ მნიშვნელოვანი მომენტია და სოფლის მეურნეობის დახმარების ანტიკრიზისულ გეგმასთან ერთად განიხილება.

ამ ღონისძიებისთვის უკვე გამოყოფილია დაფინანსება.
როგორც პრემიერმა განაცხადა, ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში სრულად იქნება აღრიცხული და რეგისტრირებული ნებისმიერი სახის მიწა.

დღეს გიორგი გახარიამ იმ შეღავათებზე ისაუბრა, რომლითაც ფერმერები ისარგებლებენ. ეს არის 1 ჰექტარზე 200 ლარი სუბსიდია, იაფი აგროდიზელი, ასევე უფასო სარწყავი წყალი.

“ყველა ის დახმარება, რაც ჩვენ ჩამოვთვალეთ, რა თქმა უნდა, პირდაპირ არის დაკავშირებული დარეგისტრირებულ მიწასთან, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ ხელი შევუწყოთ ჩვენს ქვეყანაში ფერმერების განვითარებას, ყველა ის ადამიანი, ვისაც შეიძლება რაიმე მიზეზით დღეს მიწა არ აქვს დარეგისტრირებული, წლის ბოლომდე, რომელიც მოახერხებს მიწის რეგისტრაციას, ეს შეღავათები და დახმარება მათაც შეეხებათ.

ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროგრამის გარკვეული ნაწილი მომავალი წლის რაღაც პერიოდსაც მოიცავს. მოკლედ რომ ვთქვა, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს, ვეხმარებით სოფელს. ეს არის ზრუნვა არა მხოლოდ სოფელში მცხოვრებ ადამიანზე, ეს არის ზრუნვა თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე და ეს არის ზრუნვა, რა თქმა უნდა, ქვეყნის აგროსასურსათო უსაფრთხოებაზე,“ – აღნიშნა გახარიამ.


| Print |
FaceBook Twitter Google