სოფლის მეურნეობა
გურჯაანის ატამი და რაჭული ლორი გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება
გურჯაანის ატამი და რაჭული ლორი მალე გეოგრაფიულ აღნიშვნად დარეგისტრირდება. როგორც საქპატენტში განმარტავენ,  სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია უკვე მზად არის.


გეოგრაფიული აღნიშვნა მიუთითებს გარკვეულ გეოგრაფიულ ადგილზე და გამოიყენება იმ საქონლის მოსანიშნად, რომლის განსაზღვრული თვისებები ან რეპუტაცია ამ გეოგრაფიულ ადგილთან არის დაკავშირებული, რაც თავის მხრივ, განპირობებულია აქ არსებული ბუნებრივი პირობებით და ადამიანის ფაქტორით. გეოგრაფიული აღნიშვნის დანიშნულებაა, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია პროდუქტის წარმომავლობასა და იმ მახასიათებლებზე, რომლებიც დაკავშირებულია წარმოშობის ადგილთან.


ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების (Twinning) პროექტის ფარგლებში, აღნიშნული ორი პროდუქტის სპეციფიკაციები დაამუშავეს პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა ადგილობრივ მწარმოებლებთან თანამშრომლობით.

საქპატენტის განმარტებით, უკვე შეფასდა საქართველოში არსებული გეოგრაფიული აღნიშვნების კანონმდებლობა და მისი შესაბამისობა ევროკავშირის რეგულაციებთან; შემუშავდა სახელმძღვანელოები ლაბორატორიებისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების სერტიფიცირებისა და კონტროლის ეფექტიანად წარმართვის მიზნით; შეიქმნა ორი ახალი პროდუქტის, რაჭული ლორისა და გურჯაანის ატამის სპეციფიკაციების პირველადი სამუშაო ვერსია, რომელიც მიზნად ისახავს მათ სამომავლო რეგისტრაციას. ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის მწარმოებელთა გაძლიერებას, მათ გაერთიანებას, ასოციაციად ჩამოყალიბებას და თავად პროდუქტის პოპულარიზაციას.


| Print |
FaceBook Twitter Google