სოფლის მეურნეობა
ჩუმლაყის ახლადგახსნილ საბითუმო ბაზარში შესვლა ფასიანი იქნება
ორშაბათს, 15 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, ჩუმლაყი-ყიტაანის გზაზე ატმის სარეალიზაციო საბითუმო ბაზარი გაიხსნება. მერის მოადგილის, თეიმურაზ ზავრაშვილის განმარტებით, ბაზარი, პანდემიასთან დაკავშირებით არსებულ ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს.

„წელს ველოდებით ატმის რეკორდულ მოსავალს,დაახლოებით 35 ათას ტონას. აუცილებლად შემოვლენ სხვადასხვა ქვეყნიდან რეალიზატორები. მთავრობის მოთხოვნაა, რომ იყოს ისეთი ბაზარი, რომელიც ყველა რეკომენდაციას დააკმაყოფილებს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული 32 ათასი ჰექტარი დროებით სარგებლობაში გადმოგვეცა. თუ ჩვენ ვერ შევქმნიდით სტანდარტების შესაბამის ბაზარს, ხილის რეალიზაციის უფლება არ გვექნებოდა. “

როგორც თეიმურაზ ზავრაშვილმა speqtri.ge-სთან განაცხადა, ტერიტორიას შემოავლეს თხრილი, რომელშიც წყალია გაშვებული.
„იმისთვის, რომ გამოირიცხოს ბაზარში ტრანსპორტის უკონტროლო შესვლა, შემოვავლეთ თხრილი, გაკეთდა მავთულხლართი, დაიდგა სამი ბიოტულეტი. მოეწყო ორი შლაგბაუმი, ერთი გასასვლელი და მეორე შემოსასვლელი. დაიდგა ბუნკერები და ნარჩენებს დასუფთავების სამსახური ყოველ საღამოს გაიტანს. ჩაიდგა წყლის საქაჩი. სპეციალური აღჭურვილობით მოხდება მანქანების დეზინფქციაც. ავტომობილებს შორის იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. მოეწყობა სპეციალური გადასატვირთი ადგილი. გვინდა ტერიტორიაზე იყოს კვების ობიექტი და მოსასვენებელი სივრცე. ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ამისათვის ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი თანხა გაიხარჯა, ამიტომ ბაზარში შესვლა იქნება ფასიანი.“

თუმცა როგორც მან აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდა მოუწევთ ტერიტორიაზე შემსვლელ პირებს.  ცნობილია, რომ ყველა მათგანი გაივლის თერმოსკრინინგს, რომელსაც სპეციალურად გადამზადებული ააპის თანამშრომლები ჩაუტარებენ.

რაც შეეხება უცხო ქვეყნიდან შემომსვლელ რეალიზატორებს, თემურ ზავრაშვილის თქმით, ისინიგამშვებ პუნქტზე ტესტირებას გაივლიან.
„არსებობს რისკი,რომ ატმის უცხოელმა შემსყიდველებმა შემოიტანონ კოვიდ 19. ამიტომ ისინი გამშვებ პუნქტებზე გაივლიან უფასო ტესტირებას, რომელიც საერთოდ 200 ლარი ღირს. მათ ეძლევათ საშუალება, რომსაქართველოში72 საათით დარჩნენ, ვადის გასვლის შემდეგ, თუ ვერ მოასწრეს წასვლა, მოუწევთ კიდევ ერთი ტესტის ჩატარება, ოღონდ უკვე თავიანთი ხარჯით. “

როგორც მერის მოადგილე ამბობს, გაუქმდება ჩუმლაყში ამ დრომდე გზებზე არსებული სხვა ბაზრობები.

| Print |
FaceBook Twitter Google