სოფლის მეურნეობა
კომპანია, რომელიც ყურძენში არანაკლებ 80 თეთრს გადაიხდის, სუბსიდიას მიიღებს
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნულ სააგენტოში ღვინის მწარმოებელი 60-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელს შეხვდა. მინისტრმა 2020 წლის რთველთან დაკავშირებულ ფინანსურ და ორგანიზაციულ საკითხებზე ისაუბრა და მეღვინეებს ახალი კორონავირუსის პანდემიით შექმნილი რთული პერიოდის ფონზე სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

,,ჩვენთვის მთავარია, მევენახე ფერმერებს წარმოებული ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეთ და, ამავდროულად, შესაბამისი ანაზღაურება მიიღონ. ვმუშაობთ, რომ 2020 წელს ღირსეული რთველი ჩატარდეს, ისევე, როგორც ყველა წინა წელს. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა ყველა რგოლის კონსოლიდირება, მათ შორის, ღვინის მწარმოებელ კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაცია. წელს ველოდებით საკმაოდ დიდ მოსავალს. მიუხედავად გამოწვევებისა, რომელიც პანდემიამ შექმნა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩაუბარებელი ყურძენი არ დარჩეს. სახელმწიფომ შექმნა ყველა მექანიზმი, რომ რთველმა წელსაც წარმატებით ჩაიაროს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის,მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირებისათვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა დაახლოებით 20 ათასამდე მევენახეს ყურძნის რეალიზაციის, ხოლო რთველში ჩართულ ათეულობით კომპანიას ყურძნის შესყიდვის შესაძლებლობას მისცემს.

მთავრობის გადაწყვეტილებით, სუბსიდიას მიიღებს მხოლოდ ის ღვინის კომპანია, რომელიც 2020 წლის რთველის განმავლობაში შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,80 ლარს.



| Print |
FaceBook Twitter Google