სოფლის მეურნეობა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ვენახების კადასტრი გრძელდება
ღვინის ეროვნული სააგენტო ვენახების კადასტრის პროექტს აგრძელებს.

როგორც ვენახების კადასტრის ოპერატორმა თამარ ბოჭორიშვილმა speqtri.ge-სთან საუბარში განმარტა, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, არამარტო განახორციელონ ვენახების რეგისტრაცია, არამედ, განაახლონ საკადასტრო ინფორმაციაც.

„2021 წლის გაზაფხულიდან დაიწყო და განახლდა ვენახების კადასტრის გაცემა. შარშან დავიწყეთ გურჯაანის მუნიციპალიტეტში, თელავის მიმართულებით მდებარე სოფლების აღრიცხვა. წელს მასშტაბები შეიცვალა და ავითვისეთ სოფლები: ჭანდარი, ბაკურციხე, კოლაგი, ვეჯინი, სოფელი გურჯაანი და კარდენახი. პერიოდულად დაემატება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები და ამის შემდეგ სიღნაღის მუნიციპალიტეტი. ამ სოფლებში მერის წარმომადგენლის შენობაში არიან ჩვენი ოპერატორები. რეგისტრაციას დაახლოებით ნახევარი საათი სჭირდება და რა თქმა უნდა, უფასოა. რაც მთავარია, აღებული საბუთი მუდმივია, თუ მეპატრონემ ცვლილება არ შეიტანა - არ იყიდა, არ იყიდა და ა.შ. წელს პროცესი ადრე დავიწყეთ, რადგან მასშტაბები დიდია. აქედან გამომდინარე, უნდა ავითვისოთ კახეთის რეგიონი მთლიანად და ასევე რაჭა-ლეჩხუმი. რომელ ლოკაციაზეც შარშან გვყავდა წარმომადგენლები, წელს იქ აღარ იქნებიან, თუმცა მე ვიმყოფები გურჯაანში სურსათის ეროვნული სააგენტოს შენობაში, სანაპიროს ქუჩაზე და თუ ვინმეს საბუთში რამე სახის ცვლილების შეტანა სურს, შეუძლია მობრძანდეს. გვინდა ყველამ გაიგოს, რომ ეს აუცილებელი საბუთია და ამის გარეშე მევენახე ყურძენს ვერ ჩააბარებს. საბუთი გაიცემა ყველა ჯიშის ყურძენზე. “

მისივე თქმით, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ მიმართონ მათთვის სასურველ ლოკაციაზე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, დილის 10 საათიდან, საღამოს ექვს საათამდე.

| Print |
FaceBook Twitter Google