სოფლის მეურნეობა
ატმის ფასი ისევ დაბალია, თუმცა ექსპორტის პრობლემა მოგვარდა
ატმისა და ვაშლატამის ფასმა გასულ კვირას მნიშვნელოვნად დაიკლო. თუმცა, რამდენიმედღიანი პაუზის შემდეგ, სამაცივრე მეურნეობები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

შეფერხების მიზეზი ის იყო, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა, რის გამოც რეალიზატორები რუსეთში ხილის გატანისგან თავს იკავებდნენ.გასულ კვირას სოფელ ჩუმლაყში რამდენიმე სამაცივრე მეურნობამ მუშაობა დროებით შეაჩერა, ნაწილი კი ხილს მცირე რაოდენობით იბარებდა. ფერმერები ვარაუდობდნენ, რომ პროცესი ატმის ფასის დასაწევად ხელოვნურად იყო შექმნილი.

როგორც ჩვენთან საუბარში ბადრი ესიტაშვილმა აღნიშნა, ფასი ერთ კვირაში საგრძნობლად შემცირდა.
„თავიდან ვაშლატამას 2.50 ლარში ვაბარებდი სამაცივრე მეურნეობას. რამდენიმე დღის წინ კი, უცებ 1.50-მდე ჩამოვიდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ბაზარი იკეტება და ამის გამო ხილის ექსპორტზე გასვლა აღარ მოხდებოდა. სამაცივრე მეურნეობებმაც შეწყვიტეს მუშაობა. არ ვიცი, ეს რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს, მაგრამ ფაქტია, ატმის ფასმა საგრძნობლად დაიკლო და იმის მერე აღარც მოუმატია. დღეს რაც მაქვს გამოტანილი, იმაში 50 თეთრს მაძლევენ, მეტს - არა.“

როგორც ჩვენთან საუბარში ფერმერმა, ნიკა გეთიაშვილმა განაცხადა, მსგავსი პრობლემა მართლაც გაჩნდა, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.
„რა ინფორმაციაც მაქვს, რუსეთმა აამუშავა რეგულაცია, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ ტესტირება ჩაატარონ ჩვენ მიერ შეტანილ ხილზე და თუ არ დააკმაყოფილა მოთხოვნები, დაბლოკონ. როგორც ვიცი, ეს ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რამდენიმე დღის წინ მოვიდა. ჩვენ ამისთვის მომზადებული არ ვიყავით. საქართველოში მოდიან 20-ტონიანი ფურა კამაზები, რომელშიც სხვადასხვა ფერმერებისგან შეძენილი ხილი იტვირთება. შეეძლოთ ნებისმიერი გაეხსნათ და შეუსაბამო საქონელი აღმოჩენილიყო, რაც შექმნიდა ძალიან დიდ პრობლემას.
არ ვიცი რა მექანიზმებით, მაგრამ რეალურად ხუთ დღეში მოგვარდა ეს პრობლემა. თუმცა, დაიკლო ხილის ფასმა. ვაშლატამა რომ ღირდა 2.50 ლ , 1.80-ით გაიაფდა. მართლა ცუდ მდგომარეობაში ჩავვარდით ექსპორტიორები. მოსავლის აღების პიკი იყო და ამ დროს გაჩერდა სამაცივრე მეუნეობები რამდენიმე დღით. ან თუ იღებდნენ, იმდენი საქონელი შევიდა, ფასი დავარდა. ეხლა მართალია ყველაფერი გამოსწორდა, მაგრამ ფასის აწევას არავინ ფიქრობს. ქართულ მხარეს ამ სიტუაციაში ვერ დავადანაშაულებ. კმაყოფილი ვარ იმით, როგორც მოაგვარეს პრობლემა.თუმცა, ვთვლი, რომ სახელმწიფოს ჩართულობა ინფორმაციულად უნდა იყოს უფრო აქტიური, ასევე უნდა გვქონდეს შესაბამისი ლაბორატორიები, რომ ჩატარდეს ხილის კვლევა. ასეთ შემთხვევაში, ფერმერი უფრო თამამად ჩააბარებს პროდუქტს.მართალია, პირადად მე ფაქტობრივად ატმის მოსავალი თითქმის მოვლიე, რადგან განსხვავებული ჯიშები მაქვს და რეალიზაცია არ მიჭირს, მაგრამ დანარჩენ ხილზე ეს ფასები მაინც აისახება. მაგალითად, თუკი, ე.წ. იტალიური ვაშლატამა გაძვირდება, რა თქმა უნდა, განსხვავებული ჯიშის ფასიც აიწევს. “

სამაცივრე მეურნეობის მეპატრონე, ლევან კაციაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ ხილის მიღების პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
„მოსავლის მიღება მასიურად ხდება, ჩვენ შეუფერხებლად ვიღებთ პროდუქციას, ფასი 1.30 ლარიდან 1.70-მდეა. რეალიზატორები ჩვენთან მოდიან და დიდი მანქანებით მიაქვთ, არანაირი შეფერხება არ გვაქვს. ხილს აგვისტოს ბოლომდე მივიღებთ. რამდენიმე დღის წინ იყო გარკვეული შიშები, რომ შემოწმება უნდა მომხდარიყო, თუმცა მალევე მოგვარდა პრობლემა. არავის შევუმოწმებივართ. არც მაცივარი დაგვიკეტია. სხვაგან რა ხდება, არ ვიცი.“

ოფიციალურად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 29 ივნისს გამოაქვეყნა განცხადება, რომ რუსეთი როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებით უსაფრთხოების მექანიზმებს ამკაცრებს.
„ამ ეტაპზე რუსეთის ფედერაციაში მცენარეული პროდუქტის იმპორტზე განსაკუთრებული შეზღუდვები არ მოქმედებს. დღეის მონაცემებით, საქართველოდან შეუფერხებლად ხორციელდება ატმის, ვაშლატამასა და ლურჯი მოცვის ექსპორტი.აქვე აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციაში პესტიციდების გამოყენების რეგლამენტის დაცვისა და პროდუქციის უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმები გამკაცრდა. ახალი რეგულაცია მოქმედებს როგორც ადგილობრივი წარმოების, ისე იმპორტირებულ პროდუქციასთან მიმართებაში.იმპორტირებული პროდუქციის კონტროლის მიზნით, „როსსელხოზნადზორი“ უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მწარმოებელი ქვეყნიდან პესტიციდების გამოყენების რეგლამენტთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია და კვლევები გამოითხოვოს.“ - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის speqtri.ge სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელს, თეა შველიძეს დაუკავშირდა, თუმცა, მან განაცხადა, რომ ყველა საჭირო ინფორმაცია ვებგვერდზე დევს და ამით უნდა ვისარგებლოთ.
„რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენ გამოვაქვეყნეთ ეს ინფორმნაცია. ფასები და სამაცივრე მეურნეობები კერძო საკითხია. არანაირი პრობლემა არ ყოფილა, სამაცივრე მეურნეობები რატომ იყო დაკეტილი, თვითონ მათ მიმართეთ. განცხადება დევს ჩვენს საიტზე და შეგიძლიათ აიღოთ.“

იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით იყო ჩართული აღნიშნულ საკითხში სახელმწიფო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, როგორ მოგვარდა ეს პრობლემა ან რა იყო მოლაპარაკების საგანი, ამ კითხვებით სოფლის მეურნეობის სამინისტროს გურჯაანის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის უფროსს, ვანო ბასილაშვილს მივმართეთ. თუმცა, როგორც მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებული არ არის და არც შესაბამისი მითითება მიუღიათ.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ატამი / მაცივარი /