სოფლის მეურნეობა
23 ოქტომბერს, სასტუმრო „ამპელოში“ ღვინის ფესტივალი გაიმართება
მეღვინეობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ კარდანახში, რომელიც ტრადიციული ღვინოების ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად მიიჩნევა, ღვინის ფესტივალი წელს პირველად გაიმართება.
სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ ადგილობირივი მწარმოებლების მიერ წარმოდგენილი ღვინოები.
ფესტივალის მონაწილეებს კარდანახის ღვინის გარდა, რამდენიმე სხვადასხვა სოფლის ადგილწარმოშობის ღვინოების დეგუსტაციაც შეეძლებათ.
ღონისძიების ორგანიზატორია ღვინის კომპანია "კარდანახი 1888", რომლის დამფუძნებელსაც ბატონ მამუკა მახოშვილს პირადად გავესაუბრეთ.

- ბატონო მამუკა, საიდან წამოვიდა ღვინის ფესტივალის იდეა?
- პირველ რიგში გეტყვით, რომ ჩვენ ვართ ღვინის სახლი სოფელ კარდანახში, სადაც სამი ადგილწარმოშობის ღვინო იწარმოება. შეიძლება ითქვას რომ კარდანახი არის ღვინის სოფელი. სწორედ აქედან გაგვიჩნდა იდეა რომ ღვინობის თვეს, ღვინის სოფელში, ღვინის ფესტივალი ჩაგვეტარებინა.

- რა არის ფესტივალის მიზანი?
- ფესტივალის მიზანია, კარდანახის ღვინისა და ადგილწარმოშობის ზონების ღვინოების პოპულარიზაცია, ახალი ჯიშების და უცნობი ღვინოების აღმოჩენა. ამასთან ერთად ჩვენთვის ძალიან საინტერესოა უშუალოდ მწარმოებლებთან შეხვედრა და მათი გაცნობა. სამომავლო გეგმებზე საუბარი და ახალი იდეების გაჩენა.

- სამომავლოდ თუ გეგმავთ ფესტივალს ყოველწლიური სახე მისცეთ?
- დიახ, რასაკვირველია. წელს პირველად ვატარებთ, მაგრამ გვინდა, რომ ეს ტრადიციად იქცეს სოფელში. ღვინობისთვეს, ღვინის სოფელში შეიკრიბონ ადგილობრივები და ეს დღე საერთო სახალხო ზეიმად იქცეს.

- ბატონო მამუკა, კოვიდ რეგულაციებზეც გკითხავთ, რამდენად უსაფრთხო იქნება სტუმრების დასწრება?
- ღონისძიება გაიმართება კოვიდ უსაფთხოების ყველა ნორმის დაცვით. სასურველია ყველა მონაწილე იყოს ვაქცინირებული, აუცილებელია პირბადის ტარება მთელს ტერიტორიაზე და დისტანციის დაცვა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას მაქსიმალურად მოვახდენთ.

როგორც ორგანიზატორმა გვითხრა, ფესტივალზე იქნება ცოცხალი მუსიკა. სტუმრებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ყურძნის დაწურვაში, ჭაჭის გამოხდა-დეგუსტაციაში, ჩურჩხელის ამოვლებაში, კახური შოთის გამოცხობასა და მწვადის შეწვაში.

ღოსნიძიებაზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ლინკს.

[R]


| Print |
FaceBook Twitter Google