სოფლის მეურნეობა
ჩააბარებთ თუ არა ყურძენს თუკი ვენახში ბალახს ჰერბიციდით შეწამლავთ
კახეთში რთველი ცოტა ხნის წინ დასრულდა და მევენახეებმა კვლავ ვენახის მოვლაზე დაიწყეს ფიქრი.
მათი ნაწილი ამბობს, რომ მომავალ წელს, ქარხნები ყურძენს აღარ ჩაიბარებენ, თუკი ვენახში ბალახი ჰერბიციდით იქნება შეწამლული. ამის გამო კი, მიწის სხვაგვარად დამუშავება მოუწევთ, რამაც შესაძლოა, მოვლა-პატრონობის ხარჯი გაზარდოს.

-„ბევრისგან გავიგე, რომ მომავალ წელს შხამს ვეღარ დავასხამთ ბალახზე. არ ვიცი ჭორია თუ მართალი, მაგრამ ასე ამბობენ ლაბორატორია შეამოწმებს ყურძენს და თუ ბალახი შეწამლული იქნება, ქარხანა აღარ ჩაიბარებსო. თუ ეს მართალია, მაშინ უნდა მოვხნათ მიწა. კარგად იცით, საწვავი რა ფასიც ღირს და გლეხს რაღა უნდა დარჩეს?! ყურძენს კიდევ კაპიკებში ვყიდით,“- ამბობს მიხეილ ნათიძე speqtri.ge-სთან საუბარში.

იგეგმება თუ არა მსგავსი აკრძალვა მომავალ წელს, ამის გარკვევას ღვინის ეროვნულ სააგენტოში შევეცადეთ. უწყებაში გვითხრეს, რომ აღნიშნული საკითხი მათ კომპეტენციას არ წარმოადგენს და როგორ ყურძენს მიიღებს, ეს თავად ქარხანამ უნდა გადაწყვიტოს.

თელვის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარე „ტყუპების საღვინე სახლის“ ტექნოლოგმა, ნოდარ ქორბუდიანმა speqtri.ge-ს უთხრა, რომ მსგავს საკითხზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა.

-„არანაირი შეზღუდვა არ იქნება ამ მხრივ, ეს საკითხი არც კი განხილულა. ვინც ბიო მიმართულებით მუშაობს, შეიძლება მას ჰქონდეს მსგავსი შეზღუდვა, თუმცა არა ყველას. ისე, ზოგადად, იმ ვენახში მოწეული ყურძენი, სადაც ბალახი შხამ-ქიმიკატებით არის შეწამლული, რა თქმა უნდა ღვინოზე გავლენას ახდენს. არომატები აღარ არის ისეთი ინტენსიური. ამასთან ერთად, შედარებით უფრო დაბალი ხარისხის ყურძენიც მოდის“.

საკითხის გარკვევას კიდევ ერთ კერძო კომპანიაში შევეცადეთ და გურჯააანი 1882-ის ერთ-ერთ მეწილეს, ჟუჟუნა მაზანიშვილს დავუკაშირდით. ქარხანას კერძო ვენახები არ გაჩნია და ძირითადად, ყურძნის მიღებაზეა ორიენტირებული.

-„რასაც თქვენ ამბობთ, მსგავსი რამ პირველად მესმის. სახელმწიფო ჩვენს ქარხანას ქირაობს და გარკვეულ თანხას გვიხდის. თუმცა ორი წელია, ეს თანამშრომლობა აღარ შედგა. ამ შემთხვევაში, რა მოთხოვნაც ექნება სახელმწიფოს, ჩვენც იმის მიხედვით მოვიქცევით. თუმცა, თუკი საკუთარი თანხა გვექნება, ბიო ყურძენსაც ჩავიბარებთ და ჰერბიციდით შეწამლულსაც, რათა მევენახეები არ დაზარალდნენ. პირდად ჩემი პოზიცია ასეთია, “- ამბობს ჟუჟუნა მაზანიშვილი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რთველი 2021 უხვმოსავლიანი იყო. რეგიონში ქარხნებმა სულ 233 000 ტონა ყურძენი ჩაიბარეს.

| Print |
FaceBook Twitter Google