სოფლის მეურნეობა
მიწის უფასო რეგისტრაცია დაიწყო - როდის მოვლენ ამზომველები თქვენს სოფელში
მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით,  ზოგიერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, საკადასტრო აზომვითი სამუშაოები უკვე დაიწყო.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიწის სისტემური რეგისტრაცია 2022-2024 წლების განმავლობაში ეტაპობრივად განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიებისა და თვითმმართველი ქალაქების გარდა).

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს:

• მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები;
• უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
• გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება;
• სანოტარო მედიაცია;
• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
• ფაქტების კონსტატაცია;
• მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა;

• მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

გურჯაანის მუნიციპიტეტის სოფელ კაჭრეთსა და ზემო კაჭრეთში სამუშაოები უკვე დაწყებულია, კალაურში, ჭანდარსა და ძირკოკში კი - ოქტომბრიდან განხორციელდება.

რაც შეეხება ახმეტას, აქ მიწის აზომვები უკვე მიმდინარეობს ზემო ალვანში, ხოლო თუშეთში - სექტემბერში უნდა დაიწყოს.

აპრილიდან დაიწყება მიწის აზომვები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ვანთაში, გულგულაში, ვარდისუბანში, ნაფარეულსა და ლაფანყურში. 

მიმდინარე წელს აზომვითი სამუშაოები განხორციელდება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში. აპრილში - სოფელ კართუბანში, ხოლო ოქტომბრიდან - ლელიანში.

მარტში  განხორციელდება მიწების აზომვები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროსა და ფიროსმანში, ხოლო ნოემბრიდან - დედოფლისწყაროში, სამრეკლოში, ხორნაბუჯში, ზემო და ქვემო ქედში.

საგარეჯოში, სოფელ გომბორში, უჯარმაში, კოჭბაანში, ხაშმში,პატარძეულში, წყაროსთავში, ნინოწინდაში, გიორგიწმინდასა და თოხლიაურში აზომვითი სამუშაოები დეკემბრიდან დაიწყება. ყვარელში, სოფელ მთისძირში, ბალღოჯიანში, ახალსოფელში, კუჭატანსა და ჭიკაანში კი - ოქტომბრიდან.

მარტში სამუშაოები დაგეგმილია სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში, ხოლო დეკემბერში - ჯუგაანში.

რომელ სოფელში როდის დაიწყება რეგისტრაციის პროცესი, ვრცლად იხილეთ ბმულზე.




| Print |
FaceBook Twitter Google