სოფლის მეურნეობა
ორი მიზეზი, რის გამოც საქართველოში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა შემცირდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 1-ლი კვარტლის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით, 0.1 პროცენტით შემცირდა და 1 მილიონი სული შეადგინა.
აღნიშნული სამსახურის ცნობითვე, მათ შორის, შემცირებულია ფურისა და ფურკამეჩის, ცხვრისა და თხის, ასევე ღორის ჯამური რაოდენობაც.

რაც შეეხება, ფრინველის რაოდენობას, ის  წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 9.2 პროცენტით შემცირდა და 10.3 მილიონ ფრთა შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის 1-ელ კვარტალში რძის წარმოებამ 112.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია.

მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი speqtri.ge-სთან იმ  მიზეზებზე საუბრობს, რამაც საქონლის რაოდენობის შემცირება გამოიწვია. 

-"მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის 0.1%-ით შემცირება არც ისეთი სერიოზულია. ეს ყველა ვარიანტში მოსალოდნელი იყო. კოვიდიდან გამომდინარე, მსხვილფეხა პირუტყვის მოხმარება იყო ნაკლები და ვერ გადიოდა ექსპორტზე. ახლა საკმაო რაოდენობა გავიდა. მეორე მიზეზი, რამაც გამოიწვია საქონლის შემცირება, არის ის, რომ ფასი გაიზარდა თივაზე და ხალხმა თავის დროზე ვერ დაამარაგა. როცა ეგონათ ზამთარი მიიწურაო, მარტში მოვიდა თოვლი. ხალხს გაუჭირდა და საქონელი გაყიდა. ამ ორ ლოგიკურ მიზეზს შემცირება რომ არ გამოეწვია, ეს უფრო გასაკვირი იქნებოდა,"- ამბობს ბექა გონაშვილი ჩვენთან საუბარში.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქონლის შემცირების პარალელურად,  ხორცის წარმოება გაიზარდა და 2021 წლის პირველ კვარტალს 5.7%-ით უსწრებს.

| Print |
FaceBook Twitter Google