სოფლის მეურნეობა
რთვლის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს გაიხსნება
„რთველი 2022“-ის საკოორდინაციო შტაბი 25 აგვისტოს თელავში გაიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში რთვლის მოსამზადებელ შეხვედრაზე იმსჯელეს.

„რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად სრული მზადყოფნაა როგორც სახელმწიფოს, ისე მეღვინეობის კერძო სექტორის მხრიდან. განიხილეს ის კონკრეტული ღონისძიებები, რომელთა განხორციელება რთველის ორგანიზებულად და წარმატებულად ჩატარებისთვისაა აუცილებელი.
სახელმწიფოს მხარდაჭერით, ყველა მევენახე ფერმერი შეძლებს მოსავლის რეალიზაციას და ამასთან ერთად, შენარჩუნებული იქნება მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ბოლო წლების სტაბილური განვითარების დინამიკა,“ - აღნიშნავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

მათივე ცნობით, საკოორდინაციო შტაბი კვლავაც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მევენახეების სუბსიდირება მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. თუმცა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კონკრეტული დეტალები მთავრობის უახლოეს სხდომაზე გახდება ცნობილი.
| Print |
FaceBook Twitter Google