სოფლის მეურნეობა
კახეთის რეგიონში დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება შეუფერხებლად მიმდინარეობს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 5 სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფო ღვინის საწარმოს შპს "მოსავლის მართვის კომპანიის" მიერ გადამუშავებულია 1050 ტონა დაზიანებული ყურძენი.
მათივე თქმით, დასეტყვილი ყურძნის ჩაბარება დღეს 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თელავი (2 ლოკაცია), სიღნაღი, ყვარელი და გურჯაანი.

“2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა. წინასწარი მონაცემებით, სეტყვისგან დაზიანებულია 3500 ჰექტარზე მეტი ფართობი.”-აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება 3 სექტემბერს, სტიქიის მეორე დღესვე დაიწყო. მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას" დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ.

ცნობისთვის, რთველი 2023 წლის ფარგლებში, ჯამში გადამუშავებულია 16 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 8 ათას ტონამდე რქაწითელი, 5 ათას ტონამდე საფერავი და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია. მიმდინარე წელს აქტიურობით გამოირჩევა კერძო სექტორი. ყურძნის მოსავლის გადამუშავების მზადყოფნის მოთხოვნით, რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 220 ღვინის საწარმო.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კახეთი / რთველი /