გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ნანიანში, პროექტის „მიწის
დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული მიზნების მიღწევა
დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით“
ფარგლებში, „მინდვრის დღე“ მოეწყო. ჩატარდა საინფორმაციო მედიატური,
რომელშიც მონაწილეობდნენ ფერმერები, სოფლის განვითარების სააგენტოს
კახეთის რეგიონის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრების
წარმომადგენლები და ჟურნალისტები.
მედიატურის მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია სხვადასხვა
თემებზე, მათ შორის საძოვრების დეგრადაციაზე, მათი ნაყოფიერების
აღდგენისა და შენარჩუნების მეთოდებზე. მათ ასევე საშუალება ჰქონდათ
პირადად დაეთვალიერებინათ საძოვრების გაუმჯობესების მექანიზმები.
ადგილზე პირუტყვის სწორი ძოვებისთვის ყველა შესაბამისი
ინფრასტრუქტურაა მოწყობილი. საპილოტე საძოვრის პირველი უბანი
ელექტროღობის საშუალებით, დაყოფილია 6 ნაკვეთად, ხოლო მეორე უბანი - 7
ნაკვეთად, რაც არის ყველაზე ეფექტური გზა საძოვრების ხარისხისა და
პროდუქტიულობის შესანარჩუნებლად.
პროექტის ფარგლებში, შინამეურნეობებში ჩართულ ადგილობრივ
მოსახლეობასთან თანამშრომლობით შემუშავდა ძოვების კალენდარი.
კალენდარი განსაზღვრავს თითოეულ ნაკვეთზე ძოვების დაწყების და
დასრულების თარიღებს, აგრეთვე პირუტყვის ოპტიმალურ რაოდენობას
თითოეული ფართობისთვის.
„პროექტი მიმართულია მიწის ნეიტრალური ბალანსის მისაღწევად, ამიტომ
სხვადასხვა ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს.
საძოვრების აღდგენა და მდგრადი მართვა არის ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი გზა მიწის ნეიტრალური ბალანსის მისაღწევად. იმისათვის,
რომ გაუმჯობესდეს ის დეგრადირებული საძოვრები, რომლებიც გვაქვს
დღესდღეობით საქართველოში, იქ უნდა განხორციელდეს გარკვეული
ღონისძიებები.
ერთ-ერთი მეთოდი არის საძოვრების მონაცვლეობითი გამოყენება, რომლის
პილოტირებასაც ვაკეთებთ საქართველოს სამ რეგიონში და მათ შორის
ნანიანშიც. ეს მეთოდი ხორციელდება ადგილობრივ მოსახლეობასთან და
მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით.
საწყის ეტაპზე, სამეცნიერო კვლევების საფუძველზე შემუშავდა
საძოვრების მართვის გეგმა, რომელშიც ჩართული იყო საერთაშორისო
ექსპერტიც, ეს იყო სამი წლის წინ და ამ სამი წლის განმავლობაში
ხორციელდება სხვადასხვა პრაქტიკული ღონისძიებები,“ -
განმარტავს კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის საველე
ექსპერტი, ანზორ გაგოშიძე.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებმა შეცვალონ
დამოკიდებულება და ე.წ. უწყვეტი ძოვების პრაქტიკა. ამიტომ ტარდება
ტრენინგები და დახმარების პროგრამები ადგილობრივი მოსახლეობისთვის,
რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ, საერთო სარგებლობაში არსებული
საძოვრების სწორი მართვა.
პროექტის მრჩეველის თქმით, ძოვების მართვის ერთ-ერთი მთავარი
გამოწვევა საძოვრების არასრული იდენტიფიკაციაა. საძოვრების
იდენტიფიცირებით, კატეგორიზაციით, ფინანსური და სამართლებრივი
გამოწვევების გადაჭრით, პროექტი მიზნად ისახავს შექმნას საძოვრების
მართვის მდგრადი და ეკონომიკურად მომგებიანი მოდელი, რომელიც
სარგებელს მოუტანს როგორც გარემოს, ასევე ადგილობრივ მოსახლეობას.
„რა თქმა უნდა პირველადი ინვესტიცია გარკვეულ თანხებთან არის
დაკავშირებული. ჩვენი პროექტი ასევე მუშაობს ბიზნესმოდელების
შემუშავებაზე. ამ ეტაპზე, ეკონომისტების ჯგუფი არის ჩართული და
მსჯელობენ როგორ შეიძლება ინვესტიცია ჩაიდოს საძოვარში ისე, რომ მისი
უკუგება იყოს შესაძლებელი.
ჩვენ ვაკეთებთ ხალხისთვის იმის დემონსტრირებას, რომ გარკვეული მცირე
დანახარჯებით შესაძლებელია საძოვრის პროდუქტიულობის გაუმჯობესება ისე,
რომ გაიზარდოს მიღებული შემოსავალი.
მნიშვნელოვანია და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია საძოვრების
იდენტიფიცირება. ამას ითვალისწინებს სწორედ ჩვენი კონცეფცია, რომელიც
ამ პროექტის დახმარებით შემუშავდა, თუმცა კანონპროექტი ჯერ განხილვის
ეტაპზეა.
დღეისთვის სამართლებრივად ტერმინი სოფლის საძოვარი არ არსებობს.
ადგილობრივებს არაფორმალური წვდომა აქვთ საძოვრებზე. მოსახლეობას
რომ ეს დაუკანონდეს, სწორედ ამას გვთავაზობს ეს
კონცეფცია,“-განმარტავს, პროექტის მრჩეველი ანა რუხაძე.
CENN-ის პროექტის მენეჯერი, ჯიმშერ კოშაძე ხაზს უსვამს ამ პროექტის
მნიშვნელობას და აღნიშნავს:
„საქართველოს ტერიტორიის 25%
წარმოადგენს საძოვრები, რაც არის სასოფლო სამეურნეო სავარგულების
50%-ზე მეტი. ეს საძოვრები ადამიანის ჩარევით და გარემო კლიმატური
პირობებით თუ ზოგადად კლიმატის ცვლილებით დეგრადირდება.
ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნაყოფიერების შენარჩუნების მიზნით, მოხდეს
მდგრადი მართვის პრაქტიკების დანერგვა. საძოვრების საკმაოდ დიდი
რაოდენობა გვაქვს საქართველოში და ეს წარმოადგენს იაფ საკვებ ბაზას
მესაქონლეობისთვის,“ -აღნიშნავს პროექტის მენეჯერი ჯიმშერ
კოშაძე.
პროექტი „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN) ეროვნული
მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი
მართვის გზით“ ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტროს მიერ და დაფინანსებულია გლობალური
გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტს ახორციელებს გაეროს
სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO). აღმასრულებელი
ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი (REC
Caucasus). პროექტის პარტნიორია CENN.
მასალის გამოყენების პირობები