სამართალი
კახეთში სასამართლო და პროკურატურა ხელში პოლიციას უჭირავს - ნონა ფილაური
დღეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ბრალდებულ ომარ ცისკარაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. პროცესი მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზეა.


ომარ ცისკარაშვილს  ბრალი წარდგენილი აქვს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილის ე და მეოთხე ნაწილის ბ ქვეპუნქტებით (ძარცვა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ), ასევე 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილით. ( ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება).

გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ომარ ცისკარაშვილმა 2016 წლის 11 მაისს, ღამით, საპატრულო პოლიციის პატრულ-ინსპექტორების მისამართით რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლისას დაზიანდა საპატრულო ეკიპაჟის ორი ავტომანქანა. პოლიციის არც ერთი თანამშრომელი არ დაშავებულა.
გამოძიების მტკიცებით, სამართალდამცველებმა, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, 17 მასრა ამოიღეს. პოლიციამ ნაძარცვი ავტომანქანა გურჯაანის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე მიტოვებული იპოვა. ომარ ცისკარაშვილი პოლიციამ 7 ივლისს დააკავა.


დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა 4 ექსპერტი, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ორი გამომძიებელი და ასევე ინცინდენტის ადგილას მდებარე მაღაზიის მეპატრონე ლილი ნინოშვილი.

-„ლილი ნინოშვილის განცხადებით, იმ ღამეს ხმაურზე გამოვიდა გარეთ. დაინახა, რომ იყო მცირე შეჯახება. გაიგონა როგორ ეხვეწებოდა მანქანის მეპატრონე ევაკუატორით არ გადაეყვანათ მისი ავტომობილი. ის თხოვნით მიმართავდა და მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციის მისამართით გინებას და უპატივცემულო დამოკიდებულებას. როდესაც დაცვის მხარემ დავამთავრეთ მოწმესთან კითხვების დასმა, ქალბატონმა ლილიმ ატეხა ჩხუბი და მიმართა პროკურორს, „რატომ არ მისვამთ შეკითხვას, იმის შესახებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი მოწმე ხერხემალში გადატეხესო“. სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით, დამატებით კიდევ დაკითხულიყო ნინოშვილი, თუ რა იცოდა მან ფიზიკური ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით. ამაზე პროკურორმა გაგვიწია ისტერიული წინააღმდეგობა, მისი არგუმენტაცია იყო აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ის ცდილობდა დაეფარა პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაული. ამ საქმის არაერთმა მომწმემ განაცხადა, რომ სწორედ მათი ზეწოლით მოხერხდა ცისკარაშვილისთვის ბრალის წარდგენა. ყველაზე საშინელი ისაა, რომ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, კახეთში სასამართლოც და პროკურატურაც ხელში უჭირავს პოლიციას, ანუ პოლიციელის სიტყვა ღმერთის ტოლფასია. ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი მოწმე რომელიც ჩვენების მიცემას აპირებს, განიცდის ფსიქოლოგიურ ზეწოლას, მას მუქარით აიძულებენ სიმართლე არ თქვას.“- განუცხადა speqtri.ge-ს ომარ ცისკარაშვილის ადვოკატმა ნონა ფილაურმა.

მისივე თქმით, ის სამართალდამცველების მიერ მოწმეების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურასა და გენინსპექციას უახლოეს მომავალში მიმართავს.

ცნობისთვის, აღნიშნული საქმის მოწმის შესაძლო ცემის ფაქტზე გურჯაანის რაიონული პროკურატურა გასული წლის ნოემბერში დაინტერესდა. ერთ-ერთმა მოწმემ ზვიად უტიაშვილმა პროცესზე განაცხადა, რომ მას გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები ფიზიკურად გაუსწორდნენ. თუ რა ეტაპზეა მოკვლევა ამის გარკვევას speqtri.ge პროკურატურაში სამი დღეა ცდილობს. უწყების პოზიციას პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე :

პოლიციელების მიერ მოწმის შესაძლო ცემის ფაქტს გურჯაანის პროკურატურა სწავლობს

გურჯაანის სასამართლომ მოწმეს პატიმრობა შეუფარდა

გურჯაანის სასამართლომ ცრუ ჩვენებისთვის დაკავებული მოწმე გაათავისუფლა

გურჯაანის სასამართლომ 19 წლის მოწმე პატიმრობაში დატოვა


| Print |
FaceBook Twitter Google