კულტურა
„ქუჩის მუსიკოსები“ გურჯაანში [Photo]
პროექტ “საქართველოს მოხალისეს“ ფარგლებში „პაპას ბაღში“ გაიმართა ღონისძიება “ქუჩის მუსიკოსები“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქალაქ გურჯაანში, ასევე სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები.
ღონისძიების ორგანიზატორი მარიამ შიოშვილი ჩვენთან საუბარში ამბობს:

„ზოგადად, ეს აზრი დამებადა იქიდან, რომ ასეთი ღონისძიებები გურჯაანში არ ტარდება და გადავწყვიტე დავეხმარო ახალგაზდებს, გამოავლინონ საკუთარი ნიჭი. ისინი უკრავენ ტამტამზე, გიტარაზე, ფანდურზე, ხალხს კი უნდა მათი მოსმენა. ბევრი მაყურებელი გვყავდა, ასეთ აქტიურობას არ ველოდი.“

როგორც პროექტ “საქართველოს მოხალისეს“ რაიონული კორდინატორი გიორგი ედიშერაშვილი გვეუბნება, „ქუჩის მუსიკოსები“ გურჯაანში პირველად ტარდება და ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა.

„ამ ღონისძიების ჩასატარებლად “საქართველოს მოხალისე“ და “მომავალი ჩვენია“ გაერთიანდა. ახალგაზრდები აქტიურად არიან ჩართულები, რათა გამოვაცოცხლოთ გურჯაანი და გავილამაზოთ ზაფხული.“

ღონისძიების შესახებ გვიყვება ვახო სალთხუციშვილი:
„ეს არის თბილისში ჩატარებული ამავე სახელწოდების ღონისძიების ანალოგი. ამ პროექტს გურჯაანში დიდი დაინტერესება მოჰყვა. ორგანიზატორებმა ნამდვილად გაგვილამაზეს და გაგვიხალისეს ზაფხულის ერთი დღე.“

ღონისძიებით კმაყოფილია მარი გოგეშვილი.
„ამ ღონისძიების შესახებ მეგობრისგან გავიგე და გამოვყევი. ჩემი მოლოდინი გამართლდა და ვისურვებ, ასეთი საღამოები ხშირად ჩატარდეს.“
როგორც ორგანიზატორები გვპირდებიან, მიმდინარე ზაფხულს ბევრი სხვა პროექტი და აქტივობა იგეგმება.


| Print |
FaceBook Twitter Google