ვიდეო
ზიარი-არაშენდის ჩანგრეული გზა-კატასტროფის რეალური საფრთხე [Video]
ზიარი-არაშენდის დამაკავშირებელი გზის ერთი მონაკვეთი ინგრევა და ასფალტის საფარი ნაწილ-ნაწილ ხევისკენ მიიწევს. ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ასფალტის მხოლოდ კიდე იყო ჩანგრეული, ახლა კი გზა ისე დავიწროვდა, რომ ფაქტობრივად რეალურია საფრთხე ავტომობილი ხევში გადაიჩეხოს. აღსანიშნავია, რომ არსებული მონაკვეთი დამეწყრილია და სიტუაციას კი ბოლო დროს გახშირებული ნალექი ამწვავებს. ჩუმლაყელი ტაქსის მძღოლი გივი დათუაშვილი ამბობს, რომ ამ მიმართულებით არც თუ ისე ხშირად უწევს გადაადგილება და ჩანგრეული გზის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

თუმცა აღნიშნავს, რომ გზის ეს მონაკვეთი იმ მძღოლებისთვის უფრო სახიფათოა, ვინც ამ დაზიანების შესახებ არ იცის: „ეგ გზა თუ არ გაკეთდება, შეიძლება ვიღაცა ხამი კაცი ღამე მიდიოდეს, რომელიც ამ გზაზე არ არის ნამყოფი და ხრამში გადავარდეს. შესაბამისმა სამსახურებმა აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ უნდა მოახდინონ რეაგირება, სანამ სიტუაციას მსხვერპლი არ მოჰყოლია“. ანალოგიურ საფრთხეზე გვესაუბება ახაშნელი მძღოლი ლევან იასეშვილი. გურჯაანის მკვიდრის გია ქიტიაშვილის თქმით კი ეს მონაკვეთი სახიფათოა, როგორც მძღოლებისთვის, ისე მგზავრებისთვისაც: „ფული არის თუ არა, რაიონის ბიუჯეტიდან სასწრაფოდ უნდა გამოიყოს თანხა ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ვინაიდან, უარეს შემთხვევაში შესაძლოა ადამიანი დაიღუპოს, უკეთეს შემთხვევაში კი მანქანები დაიმტვრას.“

გურჯაანის გამგეობის პრესამსახურის სპეციალისტის ია დათუკიშვილის ინფორმაციით, ადგილობრივი ხელმძღვანელობა პრობლემის შესახებ ინფორმირებულია და მის მოგვარებას ცდილობს. „გამომდინარე იქიდან, რომ ჩანგრეული გზის გაკეთება დამოუკიდებლად შეუძლებელია, ჩვენ უკვე თხოვნით მივმართეთ შესაბამის სტრუქტურას და ერთობლივად ვცდილობთ ამ პრობლემის მოგვარებას“. მისივე თქმით, გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს დამეწყრილი ადგილი, რის შემდეგაც საბოლოო დასკვნის საფუძველზე, გადაწყდება, რა სახის სამუშაოებია შესასრულებელი, თუმცა როდის დაიწყება გზის რეაბილიტაცია, უცნობია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ დაზიანებული გზის მხარეს ფაქტობრივად უკანონო ნაგავსაყრელია. გამგეობის პრესამსახურში განგვიმარტავენ, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა ამ ადგილის გაწმენდა, თუმცა მოსახლეობა კვლავინდებურად აგრძელებს მის დაბინძურებას. „გამგეობას არ მიუმართავს გარემოს დაცვის ინსპექციისთვის, რადგან ეს სამსახური ისედაც მუშაობს. თუ დანაშაულის ფაქტი დაფიქსირდა და შეტყობინება შევიდა, შესაბამისი სამსახური კანონის დამრღვევს დააჯარიმებს. თუმცა ეს მონაკვეთი დაუსახლებელია და დამნაშავის გამოვლენა მარტივად არ მოხდება“, - ამბობს დათუკიშვილი.

გამგეობის ოფიციალური კომენტარის მიხედვით, ეს ტერიტორია რამდენიმე დღის წინ გაწმინდეს, თუმაცა ფაქტია, უკანონო ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებთან ერთად მკვდარი ცხოველებიც ყრია.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ზიარი / ეკოლოგია /