საზოგადოება
აზარტული მორევი - ახალგაზრდების ცდუნება [Video]
ის ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როდესაც ონლაინ თამაშის აზარტი იგრძნო. ახლა 17 წლისაა და ამ მორევიდან ამოსვლას უშედეგოდ ცდილობს. როგორც თვითონ გვიყვება, პირველად ინტერნეტკაფეში ინტერესის გამო შეიხედა, უფროსი ბიჭების თამაშს ადევნებდა თვალს, შემდეგ თავადაც მოსინჯა. რამდენჯერმე მოიგო, ინტერესი უფრო გაუმძაფრდა ... შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებოდა წაგება და მოგება. უფრო მეტი იზარალა, ვიდრე მოიგო, მაგრამ ფულის მოგების ჟინი იმდენად დიდი იყო, რომ ამას ყურადღებას აღარ აქცევდა.

მშობლებს თამაშის შესახებ თავად მოუყვა. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ჰქონდა მამას, მაგრამ ბიჭისთვის ხელშემშლელი ვერც ეს გარემოება აღმოჩნდა. ამბობს, რომ მეგობრები ცდილობენ თამაშიდან თავის დაღწევაში დაეხმარნენ, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.

„ჩემმა მეგობარმა რა ხერხს აღარ მიმართა, მაგრამ არაფერი გამოსდის. მეც მაქვს სურვილი, რომ თამაშს თავი დავანებო, ხანდახან ვცდილობ, სადაც ინტერნეტკაფეა, მის სიახლოვერ არ გავიარო, მაგრამ საბოლოოდ, აზარტი მაინც თავისას შვრება. ძნელია ამ ყველაფერთან გამკლავება და არც არავის შეუძლია შენი დახმარება,“ - ამბობს ახალგაზრდა, რომლის სახელს და გვარს შეგნებულად არ ვასახელებთ.

მისივე თქმით, მოთამაშე თვითონ უნდა მივიდეს იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ამ მავნე ჩვევაზე უარი თქვას, თუ თავად არ მოიწადინა, ყველა სხვა მცდელობა უშედეგოდ დამთავრდება.







ბავშვმა ბურთი უნდა ითამაშოს და არა აზარტული თამაშები

საზოგადოება თითქმის ერთხმად თანხმდება, რომ აზარტული თამაშები დამღუპველია არამარტო ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულებისთვისაც. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ შემთხვევაში დიდი როლი ეკისრება როგორც ოჯახს, ისე სახელმწიფოს. უმრავლესობა ამბობს, რომ ქვეყანაში საერთოდ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები და დაიხუროს კაზინოები. პრობლემაა ის, რომ ხშირ შემთხვევაში, ვალების გამო ახალგაზრდები ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებენ.






ავტორები:

ლევაჯ ჯაჯანაშვილი
ლევან ყიზილაშვილი
თეონა მაილაშვილი
| Print |
FaceBook Twitter Google