ვიდეო
სკოლის ნაცვლად კარავში - პროტესტი იორმუღანლოში [Video/Audio]
დღეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები საგანმანათლებლო დაწესებულების ნაცვლად კარავში ჩაუტარდათ.
მშობლები და მოსწავლეები ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის თეა გურგენიძის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლეს.

გურგენიძეს მეოთხეკლასელი მოსწავლის ცემაში სდებენ ბრალს. ყოფილი პედაგოგი აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია, პროცესები კი საგარეჯოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის მანანა ცუცქირიძის მიერაა მართული.

თუკი თეა გურგენიძეს სკოლაში არ დააბრუნებენ, მშობლები ფართის ქირაობას გეგმავენ, სადაც გაკვეთილები ჩატარდება.

მანანა ცუცქირიძის თქმით, მშობლებლებთან აღნიშნულ თემაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

-"მოსწავლეთა ნაწილი დღეს კარავში იყო, ნაწილი კი სკოლაში საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდა. ადამიანები, რომლებიც თეას პირადი დამოკიდებულების გამო ემხრობიან, ვერ აანალიზებენ ძალადობის სერიოზულ საფრთხეს. ალბათ მიხვდებიან, რომ ძალადობა საშიშია და მოძალადე მასწავლებელს არ მიაბარებენ თავიანთ შვილებს. მოკვლევის შედეგად ამ ადამიანს მოსწავლეზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი დაუდასტურდა. ამის ამსახველი ვედოკადრებიც არსებობს. ჩვენ ვაწარმოებთ მშობლებთან მოლაპარაკებას. ვუხსნით იმას, რომ არ არის კარგი, თუკი ბავშვებს განათლების მიღმა დატოვებენ. მეხუთე კლაში გადადიან, სადაც სწავლება მარტო თეა გურგენიძის კომპეტენცია არ იქნება. მათთან დამატებითი საგნები შემოვა . ამას ისინი აუცილებლად გაიაზრებენ."- აცხადებს ცუცქურიძე.

| Print |
FaceBook Twitter Google