ვიდეო
გურჯაანში ღვინის ფესტივალი გაიმართა [Video]
დღეს, 12 ოქტომბერს, გურჯაანში კურორტ ახტალის ტერიტორიაზე, წელს უკვე მესამედ ღვინის ფესტივალი გაიმართა.

ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ღვინის კომპანიებისა და საოჯახო მარნების მიერ დამზადებული სხვადასხვა სახეობის ღვინო, ხელნაკეთი, შემოქმედებითი, თემატური ნამუშევრები და ეთნოგრაფიული ექსპოზიციები.

გამოფენილი იყო მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეების ექსპოზიციები.

ბავშვებისთვის წარმოდგენილი იყო სპეციალური გასართობი პროგრამები, ილუზიონისტების და ანიმატორების შოუ, თოჯინების თეატრი, ბუშტების შოუ, თიხის საჩვენებელი ძერწვა, კარიკატურების შექმნა, ხელნაკეთი ნივთების მასტერკლასი, სახეზე ხატვა და სხვადასხვა საბავშვო თამაშები.

სტუმრებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ჩურჩხელის ამოვლებასა და ყურძნის დაწურვაში, სხვადასხვა აქტივობაში, შეჯიბრებებსა და გასართობ თამაშებში.

დღეს გურჯაანის ღვინის ფესტივალს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც სტუმრობდა. მან პავილიონები დაათვალიერა, ღვინო დააგემოვნა და ჩურჩხელაც ამოავლო.

ფესტივალს ასევე სტუმრობდნენ დელეგაციები: სლოვაკეთიდან, ბელარუსიიდან, ესტონეთიდან, ესპანეთიდან, ლიტვადან. ღონისძიების მიმდინარეობის პერიოდში ესპანეთთან და სლოვაკეთთან მეგობრობის მემორანდუმი გაფორმდა.

ღვინის ფესტივალი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოსა და სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მუდმივი მხარდაჭერით იმართება.

| Print |
FaceBook Twitter Google