ვიდეო
გურჯაანელი „პაპა კარლო“ - ხის ნაჭრისგან შექმნილი საოცრებები [Video/Photo]
განათლებით ინჟინერ-ტექნოლოგი, სპეციალობით პედაგოგი და პროფესიით დურგალი, უფრო ზუსტად, ხის მხატვრული დამუშავების ოსტატი - ასე გვეცნობა ტარიელ ზაკალაშვილი, რომელიც ბოლო რვა თვეა უმუშევრადაა. ამიტომ როგორც თვითონ ამბობს, ეს არის მისი პროფესიაც, არსებობის წყაროც, გატაცებაც და ცხოვრების აზრიც.

გული სწყდება, რომ დღეისათვის ამ პროფესიით ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან.
„ ალბათ სხვა სპეციალობები გამოჩნდა, უფრო მეტად საინტერესო და ბიზნესმიმართულებით, უფრო მეტად შემოსავლიანი. ვერ გეტყვით, რომ ჩემი სპეციალობა ძალიან დიდად წარმატებულია და ბევრი ფულის შოვნის საშუალებას იძლევა, მაგრამ საინტერესოა, ლამაზია და ნერვების დამაწყნარებელია, ასე ვთქვათ, ანტისტრესია.“




ამბობს, რომ ეს ხელობა მომაკვდავ პროფესიათა სიაშია, გადარჩენის გზას კი იმ მიმართულებით ხედავს, რომ ბევრი მიმდევარი გაიჩინოს. ამიტომ ძალიან ცდილობს, თავისი ნაკეთობები გაამრავალფეროვნოს. ზოგჯერ ისეთ ფანტასტიკურ შედეგებს აღწევს, რაც მისი თქმით, უკვე ილუზიონიზმია.

„შევხედავთ და ვუყურებთ, რომ მრგვალი დეტალებისგან არის აწყობილი ჯამი, კარგად თუ დავუკვირდებით, სიმრგვალე მხოლოდ ჯამის გარეფორმას აქვს და დეტალები არის კვადრატის და სამკუთხედებისგან აწყობილი, მაგრამ ვიზუალური აღქმა აქვს სიმრგვალის. ეს ილუზიონიზმი ადვილი მისაღწევი არ არის, მაგრამ მსგავსი შედეგებით ვცდილობ დავაინტერესო მომავალი თაობა.“



ბოლო პერიოდში საქართველოში ადგილობრივ ბაზარზე იაფფასიანი ლამინირებული პროდუქტის შემოდინებამ ხის მასალის მიმართ ინტერესი შეასუსტა. ტარიელ ზაკალაშვილის თქმით, ლამინირებული საინჟინრო ფილები, რომელიც მოსახლეობაში ცნობილია როგორც დეესპე, ოესპე, ემდეფ და ა.შ. ნატურალურ ხესთან შედარებით იაფია, სამაგიეროდ ძალიან მოქნილია, მასზე მუშაობა ადვილია და არ სჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის კადრი, რომლის დეფიციტიც უკვე არის ჩვენს ქვეყანაში.


არ ეთანხმება იმ აზრს, რომ ხეზე მუშაობა და ეს პროფესია ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის, რადგან მისი პროექტის ძირითადი მიმართულებები არის დაგეგმილი არა ძვირფასი ხის მასალის გამოყენებაზე, არამედ მეორადი, ანუ დაბალი ხარისხის ნედლეულზე, ე.წ. შეშაზე. ასევე ტყის სანიტარული ჭრისგან მიღებულ პროდუქტზე და ისეთი ხის მერქანზე, რომელიც სწრაფმზარდია. მაგალთად ფიალებს, ჯამებს ქმნის ალუჩის, თუთის, ქლიავის, აკაციისა და პავლოვნიასგან.
სამუშაოდ ხის იმ ნაჭერსაც კი იყენებს, რაც სხვას გადასაგდები ჰგონია, სწორედ ამ გარემოების გამო, თავის თავს პაპა კარლოსაც ადარებს.



„იმდენად პატარა დეტალებს ვხმარობ, რომ ნებისმიერი ხის ნაჭერი გამოსაყენებელია. დაზიანებული ხის სიდამპლე ან ობი, ისე დიდებულად გამოჟღერდება ხოლმე ჩემს მიერ შესრულებულ ნაკეთობაში, რომ ზოგჯერ ეს ავადმყოფი ხე უფრო მაინტერესებს. ნაპოვნი შეშის ნაჭერის, ერთ-ერთი პატარა კოტრიდან, როგორც პაპა კარლომ ბურატინო შექმნა, ისე ვღებულობ ხოლმე სხვის მიერ გადაგდებული ხის ნაჭრიდან ძალიან ლამაზ, სასიკეთო და საამური ღირებულების მქონე ნივთს.“

ასე ქმნის, ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებსაც, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობისა და განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბაზარი გაჯერებულია ჩინური წარმოების საბავშვო სათამაშოებით. ეს პროდუქცია, რბილია, ლამაზია, მაგრამ ის არის პოლიმერი და არ არის სასარგებლო. ყველა ხვდება, რომ ხის სათამაშო ძალიან კარგია, მოსწონთ, მაგალითად, დიდი პოპულარობით სარგებლობს თავსატეხი, მაგრამ მსყიდველუნარიანობა დაბალია. ბავშვს უნდა ჰქონდეს ხის, ეკოლოგიურად სუფთა, ლოგიკური და განმავითარებელი სათამაშო, ეს არის პაზლი. ხის პაზლით ბავშვი სხვანაირად ვითარდება. ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ თუ სურს წარმატებული შვილი ჰყავდეს, აუცილებლად დააწყებინოს თამაში ხის პაზლებით, კუბიკებით და თავსატეხით. გარდა ამისა, ხესთან შეხება იწვევს ბავშვის სტრესიდან გათავისუფლებას, რადგან აქვს განსაკუთრებული ენერგეტიკა.



ნაკეთობებს არ ლაქავს, რადგან ამბობს, რომ ეს არ არის ეკოლოგიურად სუფთა. გასაპრიალებლად ძირითადად იყენებს ცვილს, სელის ზეთს, რომელსაც სააფთიაქო ქსელში ყიდულობს.

„ლაქის გამოყენებაზე უარი განვაცხადე. ეს ისეთი ქიმიაა, რომელიც არც ჩემთვისაა სასურველი და არც მომხმარებლისთვის. ცვილს, სელის ზეთს, სკიპიდარს, კანიფოლს ორთქლის აბაზანაზე ვადუღებ და ამით ვფარავ ხის ჭურჭლის ზედაპირს. ეს ხელს უწყობს სითხისმედეგობას და რესურსის შენარჩუნებას.“

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია მის მიერ შექმნილი წვეთის ფორმის სახლის მოდელი, ე.წ. აპიქოხი. ამ მიმართულებით დიდი გეგმებიც აქვს, მაგრამ ფიქრობს, რომ სახელმწიფო გრანტის გარეშე ამ გეგმის განხორციელება შორეულ პერსპექტივაშია შესაძლებელი.

„გრანტი იქნება ძალიან დიდი ტრამპლინი ჩემს შემოქმედებაში. ინოვაცია ბევრი მაქვს. მაგალითად, ალტერნატიული საცხოვრებლების შექმნა, იგივე აპი ქოხი, რომლის ნიმუშიც უკვე წარვადგინე და მაგის მსგავსი შენობები, მაგრამ მჭირდება კარგი სადურგლო სახელოსნო, რომ ჩემი სურვილები ვაქციო ჩემს შესაძლებლობებად.“



ტარიელ ზაკალაშვილის თქმით, წვეთის ფორმის სახლების მიმართ ინტერესი დიდი იქნება, პირველ რიგში, ტურისტული თვალსაზრისით, რადგან ტურისთვისთვის აღარ არის საინტერესო სტანდარტული სასტუმროები.

„ტურისტისთვის უფრო საინტერესოა, რომ მსგავსი ტიპის, ანუ გლამპინგის ტიპის შენობაში გაათიოს ღამე, ვიდრე სტანდარტულ სასტუმროში მეოთხე სართულზე. ეს სახლები საინტერესოა სამხედრო მიმარუთლბითაც, მაგალითად, მესაზღვრეებისთვის; ასევე საინტერესოა, როგორც საცხოვრებელი სახლი, რადგან მისი გაფართოება ძალიან მარტივია. ამ ბოლო პერიოდში დამებადა აზრი, რომ ჩემი ეს ქოხი შეიძლება გამოდგეს კორონავირუსთან დაკავშირებული პრობლემების გადასაწყვეტად. იზოლირებულია და მოსახერხებელი. ამ შენობებს აქვს სამკურნალო თვისება. ეს სამშენებლო ბიოლოგიაა, ახალი სფეროა და საქართველოში ჯერჯეობით არ არის განვითარებული, რაც ნიშნავს, ადამიანისა და შენობის ურთიერთშეთანხმებულ არსებობას ჯანმრთლობის პოზიციიდან. სახლი უნდა იყოს ჭკვიანი, რომელიც პრობლემას კი არ გიქმნის, პირიქით პრობლემებს გიწყვეტავს იმ კომფორტის წყალობით, სადაც ცხოვრობ და არსებობ. ანუ ჩემს მომავალ სახლებში ადამიანი ავად არ უნდა ხდებოდეს, თუ ავად არის უნდა იკურნებოდეს.“

დაახლოებით ერთ თვეში, ტარიელ ზაკალაშვილი გეგმავს წვეთის ფორმის სახლის დიდი მოდელის მშენებლობას. ეს იქნება 18 კვადარტული მეტრი, სადაც განთავსდება სველი წერტილები, სამზარეულო და საძინებელი. „ჩემი ახალი სახლი უნდა გადაიხუროს ჩალით და ჩალა მწიფდება აგვისტოს მეორე ნახევარში. სექტემბრისთვის იქნება იმ კონდიციაში, რომ მოვჭრა, გავაშრო და გამოვიყენო. მოგეხსენებათ, ევროპაში ყველაზე ძვირადღირებული კოტეჯია ის, რომელიც ჩალითაა დახურული.“

სამომავლოდ გეგმავს ჟაკ ფრესკოს იდეა გააგრძელოს. სურს აშენდეს მომავლის ქალაქი აფხაზეთში, ზღვის სანაპიროზე...

| Print |
FaceBook Twitter Google