ვიდეო
ლევან ყანდიაშვილი „დიდი სცენის“ ნახევარფინალშია [Video]
„დიდი სცენის“ მორიგ ლაივ კონცერტზე ჟიურისა და მაყურებლის ქულების ჯამით, ლიდერი გურჯაანელი ლევან ყანდიაშვილი გახდა. გია ყანჩელის ტურში მან შეასრულა სიმღერა „საით მიდიხარ“ და ჟიურისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

როგორც მან speqtri.ge-სთან განაცხადა, საკმაოდ დაძაბული ტური იყო.

„ყანჩელის შემოქმედება, ზოგადად, არ არის მარტივი შესასრულებელი, თან იმ ადამიანების წინაშე, ვინც არის ამ მუსიკის ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი ქულები ავიღე, საბოლოოდ მაინც ხალხის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული ყველაფერი. მონატრებული ვიყავი ლიდერობას, რადგან ზედიზედ ორი ლაივი ერთ-ერთი კონკურსანტი საგრძნობლად გაიჭრა წინ. როცა ლიდერად დამასახელეს, ემოციები ვერ დავმალე და გულწრფელად გამოვხატე ჩემი სიხარული. მგონი, ცოტა ზედმეტიც მომივიდა. ტრადიცია მაქვს ასეთი, ლაივის მერე როგორი შედეგითაც არ უნდა დასრულდეს, ჩემს მხარდასაჭერ ჯგუფში ლაივს ვრთავ-ხოლმე, რომ მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდით მიდგა. ეს ყველაფერი ჩემი გულშემატკივრების დამსახურებაა. გამოვიყენებ ამ საშუალებასაც და ჩემს გულშემატკივარს ვეტყვი, რომ ისინი ნამდვილად საუკეთესოები არიან და მე ბედნიერი ვარ, რომ ამხელა სიყვარულს და მხარდაჭერას ვგრძნობ მათგან. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მათ ჩემით იამაყონ.“

წინ ნახევარფინალია, სადაც კონკურსანტებს ცნობილ მომღერლებთან დუეტის შესრულება მოუწევთ. საგულისხმოა, რომ ამჯერად პროექტს ერთდროულად ორი მონაწილე დატოვებს. ამიტომ მაყურებლის გულშემატკივრობა ძალიან მნიშვნელოვანია.

იმისთვის, რომ ლევან ყანდიაშვილი ფინალში იხილოთ, უნდა დაურეკოთ ნომერზე 0322779913, მხოლოდ ლაივის დროს, კვირას, 16 აგვისტოს, 22:30 წუთიდან. ზარი უფასოა. ერთ აბონენტს მხოლოდ ერთხელ შეუძლია დარეკვა.

| Print |
FaceBook Twitter Google