ვიდეო
კახელი იუმორისტები დამდეგს გვილოცავენ [Audio]
კახელი იუმორისტები დამდეგ 2021 წელს გვილოცავენ.
ბესო ბერულაშვილი - ვირთხის წელში ვარ დაბადებული, ჰოდა მაინც და მაინც ამ წელს მოუნდათ ღამურის შეჭმა, ლამის გადაგვიყოლეს მთელი მსოფლიო. არაუშავს, უარესები გადაგვიტანია და ამასაც გავუძლებთ, მით უმეტეს, კახელები მაგარი ამტანები ვართ. მხოლოდ წისქვილის ქვა არ დატრიალებულა ჩვენ თავზე, თორემ დანარჩენი ყველაფერი გვჭირდა. იმედიანად, სიყვარულით, სიხარულით მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით კი - ჩემს კახელებს. ჩემი ყველაზე დიდი სავიზიტო ბარათი ის არის, რომ კახელი ვარ. ხვავი, ბარაქა, სიხარული, სიკეთე, ყველაფერი ლამაზი და კარგი დაებედოთ კახელებს, გულიანად იყვნენ, იუმორის გრძნობა არ დაკარგონ და ჩვენი კახური დიალექტი უფრო გაამდიდრონ თავისი მრავალფეროვნებით. ხანდახან ხდება ხოლმე, გვიყვარს, სამსართულიანიდან ვიწყებთ და თექვსმეტსართულიან გინებაზე გადავდივართ. თოვლის პაპა კიდე მალე მოვიდეს, ეს წელი გააგდოს და ახალი წელი მალე მოგვილოცოს.


Tamar Kapanadze · Ბესო Ბერულაშვილი

ვანო იანტბელიძე - მივულოცავ დამდეგ ახალ წელს ჩემს ძვირფას თელავს, კახეთსა და სრულიად საქართველოს. ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, მოცილებულიყოს ეს კოვიდი და სიმშვიდე გვქონოდეს. ამუშავებულიყოს თეატრები, დარბაზები, ტურიზმი, ის, რაც აფერხებს ჩვენ ცხოვრებასა და ყოფას. 2020 გამორჩეულად ცუდი წელი იყო. პატარა აღარ ვარ, თუმცა პირველად ვნახე, რა არის პანდემია და როგორ შეუძლია ვირუსს მთელი მსოფლიოს შეცვლა. დარწმუნებული ვარ, 2021-დან ეს ყველაფერი გადაივლის. დღეგრძელი იყოს ჩვენი ქვეყანა! ერთმანეთს გავუფრთხილდეთ, ნუ მოვკლავთ, ვეცადოთ, რომ ყველას გულში სიხარული იყოს.

გია ბაღაშვილი - გულით მინდა მივულოცო დამდეგი ახალი წელი მთელ საქართველოს და განსაკუთრებით ჩემს მშობლიურ მხარეს, უსაყვარლეს კახეთს, გასაოცარ ხალხს სტუმართმოყვარეობით, ვაჟკაცობით, სიბრძნით. მინდა საუკეთესო წელი გისურვოთ, ღმერთმა გვაშოროს ყველა ის განსაცდელი, რომელიც მოიტანა 2020-მა. სრულიად მოულოდნელად დაგვატყდა თავს საერთო გასაჭირი, ღმერთმა შეგვაძლებინოს ამ ყველაფრისგან თავის დაღწევა. ბევრი ძვირფასი ადამიანი წაგვართვა პანდემიამ, ამის არ თქმა არ შეიძლება. თუმცა, როდესაც ახალი წლის მოლოდინზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ყველაფერი საუკეთესო გვინდა დავიბედოთ. სწორედ ამიტომ, პირველ რიგში, მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, ხვავი და ბარაქა არ გამოგილიოთ გამჩენმა. დაე, 2021 წელს ბევრად წელში გამართულები და თავდაჯერებულები, ბევრად მეტი დადებითი ამბით შევხვედროდით.


Tamar Kapanadze · Გია Ბაღაშვილი

გეგე სულხანიშვილი - 76 წლის უნდა გავხდე მარტში, რა აღარ მინახავს ქვეყანაზე, მაგრამ კორონას მსგავსი - არაფერი. რაღაც კარგი შეიძლება მოხდა, მაგრამ 2020 ძალიან ცუდი წელი იყო. ისეთი კარგი ხალხი წაგვართვა პანდემიამ, ერთი სული მაქვს, როდის გავაცილებთ. მჯერა, რომ 2021 ბედნიერი წელი იქნება, საშუალოც რომ იყოს, მაინც კარგი გამოჩდნება ამ ფონზე. ქართველი კაცი იმედით ცოცხლობს, ოდითგანვე ასე იყო და მეც იმედიანად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება და ბევრი კარგი რამ მოხდება. სიცილითა და სიხარულით უნდა შევხვდეთ ახალ 2021 წელს, მიყვარხართ ჩემო კახელებო, თქვენ გენაცვალეთ!

| Print |
FaceBook Twitter Google