ვიდეო
ექსკურსია, რომელიც მოსწავლეებს დიდხანს ემახსოვრებათ[VIDEO]
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნებოდა. ამასთან დაკავშირებით ღონისძიება თითქმის ყველა სკოლაში ჩატარდა. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ დუზაგრამის საჯარო სკოლაში ეს დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს. როგორც ჩვენთან საუბარში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის _ "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"-ს პედაგოგმა ლელა ჯინჭარაძემ აღნიშნა, ღონისძიების გარდა, ბავშვებს დაუვიწყარი ექსკურსიაც მოუწყეს.
-"ქართული ენის კვირეულის დღეებთან დაკავშირებით სკოლაში ღონისძიების ჩატარება გადავწყვიტეთ. ეს დღეები ბავშვებისთვის უფრო მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი რომ ყოფილიყო, ჩემი და ნინო ოდიკაძის ორგანიზატორობით, ღონისძიებასთან ერთად ექსკურსიაც დავგეგმეთ. იმის გამო, რომ მარტო ერთი კლასის წაყვანა ვერ მოხერხდა, ჩავატარეთ ჩვეულებრივი, სტანდარტული ტესტირება ქართულში. მოტივაცია მოსწავლეების მხრიდან ძალიან მაღალი იყო, რადგან წარმატების შემთხვევაში ექსკურსიაზე წავიდოდნენ. მართლაც 12 აპრილს გამარჯვებული ბავშვების ნაკრები, რომელშიც ძირითადად მე-8-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას, თბილისში წავიყვანეთ. პირველად ვიყავით ხელნაწერთა ინსტიტუტში, სადაც იაკობ გოგებაშვილის გამოფენა დაემთხვა. ვნახეთ მისი ხელნაწერები, პირადი წერილები და აქვე იყო საინტერესო პრეზენტაცია პირველი დედაენის შესახებ," _ გვითხრა მან.

როგორც ჩვენთან საუბარში ლელა ჯინჭარაძემ აღნიშნა, მოსწავლეები დედაენის ძეგლთანაც იყვნენ და იქ გამართულ ღონისძიებასაც დაესწრნენ. ამის შემდეგ დაათვალიერეს ისტორიის მუზეუმის საგანძური, ასევე _ ოკუპაციის მუზეუმი.
-"ყოველივე ამის შემდეგ წავედით მამადავითზე. ბავშვებს ძალიან აინტერესებდათ ქართველი მწერლების საფლავები, ამიტომ მთაწმინდაზეც ავედით. ბოლოს კი, პანტომიმის თეატრს ვეწვიეთ. ამ ყველაფერმა მოსწავლეებზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა."

ლელა ჯინჭარაძის თქმით, პანტომიმის თეატრში სტუმრობას სხვა დატვირთვაც ჰქონდა.
-"თეატრში ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება პიროვნებამ არ იცოდეს ენა, მაგრამ უნიკალური იყოს ყველა ეროვნების ადამიანისთვის. ჩვენ გვინდა პანტომიმის მეთოდი გადმოვიტანოთ და კლასში დავნერგოთ, რა თქმა უნდა, არა ისე პროფესიონალურად, როგორც ისინი აკეთებდნენ. ცხადია, ამას ვერ შევძლებთ, მაგრამ ვცდილობთ, ამით გაკვეთილები არაერთფეროვანი და სახალისო გავხადოთ. პანტომიმის ხელოვნება იმაში გვეხმარება, რომ გაუგებარი სიტყვები დანარჩენი მოსწავლეებისთვის გასაგები ჟელსტიკულაციით და მიმიკებით ავხსნათ, ისე რომ არ გამოვიყენოთ აზერბაიჯანული სიტყვები." 

ექსკურსიის ორგანიზებაში დახმარება სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგმა, მუსლიმ აბუზაროვმა გაუწიათ, რომელმაც ძალ-ღონე არ დაიშურა იმისთვის, რომ ბავშვები ოჯახებში კმაყოფილები დაბრუნებულიყვნენ. თავის აღფრთოვანება ექსკურსიის მიმართ ვერც მოსწავლეებმა დაფარეს.
-"ეს დღე ჩემთვის დაუვიწყარი იქნება. ყველაფერი საინტერესო იყო. პირველად მუზეუმში წავედით თავისუფლების მოედანზე, მერე მთაწმინდაზე, ხოლო ბოლოს თეატრში. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო და ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა," _ გვითხრა მე-12 კლასის მოსწავლემ ალასკარ ალასკაროვმა.

მისივე აზრს იზიარებს ელვინ ქარიმოვი და სურვილს გამოთქვამს, რომ ასეთ ექსკურსიაზე კიდევ მიიღებს მონაწილეობას.
-"ამ დღემ ჩემთვის ძალიან ემოციურად ჩაიარა. ხელნაწერთა ინსტიტუტში ვნახეთ იაკობ გოგებაშვილის მიერ მეგობრებისთვის მიწერილი წერილები. დედა ენის ძეგლთან დავესწარით ღონისძიებას, ავედით მამადავითზე და ვნახეთ ქართველი მწერლების საფლავები. ძალიან კმაყოფილი ვარ და მინდა, რომ ასეთი საინტერესო ექსკურსიები მომავალშიც მოეწყოს." 

ამის შემდეგ უკვე 15 აპრილს სკოლაში ღონისძიებაც გაიმართა. მასში მონაწილეობას ძირითადად მე-5 კლასის მოსწავლეები იღებდნენ, ხოლო უფროსკლასელმა ბავშვებმა ამ დღისადმი მიძღვნილი კედლის გაზეთი გააკეთეს.
-"ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ დირექტორი, სკოლის პედაგოგები და ბავშვები. ზეიმი ჩვეულებრივად სტანდარტული გამოვიდა: დაიწყო შესავალი სიტყვით, სადაც ბავშვები დამსწრე საზოგადოებას უხსნიდნენ, თუ რას ნიშნავდა დედა ენის დღე ქართველებისთვის და რატომ დაუდგეს მას ძეგლი. ამის შემდეგ ბავშვები დამსწრე საზოგადოების წინაშე ლექსებით, სიმღერებითა და ცეკვებით წარსდგნენ. მათ დიდი მოწონება დაიმსახურეს. ვფიქრობ, ეს დღე ყველას დიდი სნიხ განმავლობაში არ დავიწყდება," _ აღნიშნა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროექტის, "ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა"-ს პედაგოგმა ლელა ჯინჭარაძემ.
მისივე თქმით, ეს ის თაობაა, რომელმაც ქართული ენა უნდა დააბრუნოს საკუთარ ოჯახებში, რადგან მათ მშობლებს ქართულად ლაპარაკი ძალიან უჭირთ.
| Print |
FaceBook Twitter Google