ვიდეო
მოსახლეობას საბჭოთა ანაბრების დაბრუნების იმედი გაუჩნდა[VIDEO]
წლების წინ, საბჭოთა კავშირის დროს მოსახლეობა ბანკში (მაშინ შემნახველი სალარო ერქვა) თავის დანაზოგს თანხა ინახავდა, თუმცა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მათ ამ თანხის გამოტანა ვეღარ შეძლეს. წლების განმავლობაში ანაბრების დაბრუნების თემით, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია სპეკულირებდა, თუმცა, შედეგი ამ დრომდე არ ჩანს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ამ თემაზე ისევ საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი ისევ ალაპარაკდა. როგორც ჩვენთან საუბარში სოფელ ლამბალოს სკოლის პედაგოგმა ნიზამ შარიფოვმა აღნიშნა, ანაბრების მოლოდინში მათ სოფელში ბევრი ადამიანია.
-"ხალხს ძალიან ბევრი ფული ჰქონდა სალაროში შეტანილი და ვეღარ აიღო. ჩვენს სოფელში ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი, რომელმაც ათასობით თანხა დაკარგა. ვიცი მასწავლებლები, რომლებიც საწყლები წლების განმავლობაში თანხას იმიტომ ზოგავდნენ, რომ სახლები აეშენებინათ, ან ფული სხვა რამეში მოეხმარებინათ, მაგრამ სულ ისე დარჩნენ. თავის დროზე მეც მქონდა ბანკში ორი ანგარიში გახსნილი: ერთი ჩემი, ხოლო მეორე მეუღლის სახელზე. ხშირად ვისმენდი ამერიკის ხმას. როდესაც გავიგე, რომ ასეთი რაღაც ხდებოდა, ორივეგან სასწრაფოდ გამოვიტანე ფული. ეს არც მაშინდელი საქართველოს მთავრობის ბრალი იყო, უბრალოდ, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა. აზერბაიჯანი საქართველოსთან შედარებით უფრო მდიდარი ქვეყანაა და მათ უკვე ანაზღაურეს ხალხს თავისი დანაზოგი. საქართველოს პირობებში ამის მოთხოვნა ცოტა ძნელია, რადგან მთავრობა და ბიუჯეტი არ არის ამისთვის მომზადებული. მე ტელევიზიაში მოვისმინე, რომ პარლამენტში ამასთან დაკავშირებით რაღაც საუბრები მიდის. ისინი ყველანაირად ცდილობენ მოსახლეობას დაეხმარონ ფულის დაბრუნებაში. პირადად მე არ ველოდები ახლო მომავალში ამ ანაბრების დაბრუნებას, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს როგორღაც მოხერხდება. ეხლა რომ მოითხოვო, გინდა თუ არა დაგვიბრუნეო, ესეც ძნელია, რადგან ამ პროცესს მომზადება სჭირდება. ვფიქრობ ახალი მთავრობა ამისთვის ჯერ მზად არ არის," _ გვითხრა ლამბალოს სკოლის რუსული ენის პედაგოგმა ნიზამ შარიფოვმა.

კაზლარის სკოლის მათემატიკის მასწავლებლს ალი აბდულაევს იმედი არ აქვს, რომ მოსახლეობა იმ დაკარგულ თანხებს უკან დაიბრუნებს.
-"ამ სოფელშიც ძალიან ბევრს ჰქონდა საბჭოთა კავშირის დროს თანხა ბანკში შეტანილი და გაუუქმდა. მე პირადად არაფერი მქონდა შეტანილი, მაგრამ თუ ხალხს ამ თანხას დაუბრუნებენ, მეც მოხარული ვიქნები. ამჯერად ისეა მოსახლეობა გაჭირვებული, რომ ფული აღარც ბანკში აქვთ და არც ისე. მეზობელ ქვეყნებში ვიცი, რომ ხალხს ეს ანაბრები გაუნაღდეს. ნეტავ, ჩვენთანაც ასე იქნებოდეს, მაგრამ რაღაც არა მგონია. ჩვენი ქვეყანა ძალიან პატარაა და დახმარება სჭირდება," _ გვითხრა მან.

მისივე აზრს იზიარებს ამავე სოფლის მცხოვრები ურშან გულიევი.
-"კომუნისტების დროს ვიცი, რომ ხალხს ბანკში ჰქონდა შეტანილი ფულები და გაუუქმდათ. მართალია, მე არ მქონდა, მაგრამ ჩვენს სოფელში ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებმაც ამის გამო დიდი ზარალი მიიღო. საერთოდ უნდა დაუბრუნონ ხალხს თავისი კუთვნილი, მაგრამ რაღაც არა მგონია, რომ ეს მოახერხონ. ამის საშუალება მე მგონი ქვეყანას არ ექნება. ჩემი აზრით, ის ფული წავიდა და დაიკარგა. ისე, კარგია თუ დაურიგებენ, რადგან შენი ფული შენთან უნდა იყოს."

საბჭოთა ანაბრებისა და ხალხის ვალის ზუსტი ოდენობა გაურკვეველია. ზოგიერთი ექსპერტი 5 მილიარდიან ვალზე საუბრობს, ზოგი კი 8 მილიარდზე. ფაქტია, რომ ამ ეტაპამდე რეალურად ჯერ არაფერი გაკეთებულა. არც ის არის განსაზღვრული, რა პროცესებია გასავლელი. როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე დავით ონოფრიშვილი აცხადებს, ამ პრობლემის გადაჭრა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება, მაგრამ მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია. -"პირველ რიგში უნდა მოხდეს ანაბრების ინვენტარიზაცია, ანუ ვინ არის და რამდენია ეს ხალხი. ამავე დროს ჩასატარებელია ინდექსაცია, უნდა გავარკვიოთ რა თანხაზეა საუბარი. ამას ერთბაშად რომ ვერ გაისტუმრებს სახელმწიფო, ეს ალბათ დაზარალებულებისთვისაც გასაგები უნდა იყოს. მტკიცებულებების ენით ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ 10-15 წლის მანძილზე შეიძლება გაიწეროს," _ ამბობს ის სხვადასხვა მედიასაშუალებებთან საუბრისას. მისივე განმარტებით, ვალის ნაწილი შეიძლება საპრივატიზაციო ქონებით დაკმაყოფილდეს, ნაწილი კი _ ფულადი სახით.
| Print |
FaceBook Twitter Google