ვიდეო
ცხოვრება ბაზრის ჯიხურში ... [Video]
მზია ირემაშვილს, რომელიც ორ მცირეწლოვან შვილიშვილს ზრდის, სოციალური დახმარება იმ მიზეზით შეუწყვიტეს, რომ მეპატრონემ ნაქირავები ფართი დაატოვებინა და ამჟამად ველისციხის ბაზარში, უკარფანჯრო ჯიხურში ათევს ღამეს. მისი პრობლემების გადაჭრას ვერც ადგილობრივი ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხის მკვიდრ მზია ირემაშვილს რამდენიმე წლის წინ სახლი ბანკმა გაუყიდა, ამის შემდეგ ქალბატონი შვილთან და შვილიშვილებთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა, თუმცა, მეპატრონის მოთხოვნით, ამ სახლის დატოვებაც მოუწია.
- "ორი პატარა ბავშვით უსახლკაროდ ქუჩაში აღმოვჩნდი. ადრე სხვის ბინაში ვცხოვრობდით. მერე პატრონმა გვითხრა, დაცალეთ უნდა გავყიდოო და წამოვედით. იო-წიო დავდივართ, ხან სად გვძინავს და ხან სად. მთელმა ველისციხემ იცის, რომ ხშირად, ჩემს პატარა შვილიშვილებთან ერთად, ბაზარში ვათენებ ღამეს. ბავშვებს უკარებო ბუტკაში სძინავთ, სადაც დღისით ძაღლები წვანან. მე კიდევ ვზივარ და ვყარაულობ. მეც და ჩემი შვილიც ავადმყოფები ვართ, მეუღლე არც ერთს არ გვყავს. ასე ბედის ანაბარა ვართ დარჩენილები,"-გვიყვება თვალცრემლიანი მზია ირემაშვილი.

დახმარებისთვის რამდენჯერმე სოფლის რწმუნებულსაც მიმართა და გამგეობასაც, მაგრამ უშედეგოდ.
- "ყურადღებას არავინ გვაქცევს, არავის მიაქვს გულთან ჩვენი გასაჭირი. ველისციხეში მითხრეს, გურჯაანის გამგეობას მიაკითხეო. აქაც დავწერე განცხადება, მეზობლებმაც მომიწერეს ხელი. ამდენი ხანია დავდივარ, დავათრევ ბავშვებს აქეთ-იქით, მაგრამ დამაიმედებელ პასუხს არავინ მცემს. ბევრს ხომ არა, ერთ ოთახს ვთხოულობ, რომ ჭერი მქონდეს და ბავშვები ქუჩაში არ დამეხოცოს. სხვა გამოსავალი არ მაქვს, უნდა ჩემი შვილიშვილებიანად დავჯდე გამგეობაში, იქნებ მაშინ მაინც მოგვაქციოს ვინმემ ყურადღება."

მისივე თქმით, არჩევნებამდე დახმარებას "ქართული ოცნების" წარმომადგენლები დაპირდნენ, თუმცა, დღეს ისევ ქუჩაშია. "არჩევნებამდე შტაბში ვიყავი მისული, ოღონდ ამდენი უბედურებისგან აღარ მახსოვს ვისთან. ავუხსენი ჩემი მდგომარეობა და მითხრეს, ჩვენ თუ გავიმარჯვეთ, აუცილებლად მოგცემთ ბინასო, მაგრამ არავის გავხსენებივართ. თითოეულ თანასოფლელს ჩვენს უბედურებაზე გული ეწვება. ამას წინათ გურჯაანიდან იყვნენ მოსულები, კრება ჩაატარეს, ხალხს უთხრეს გზა უნდა გაგიკეთოთო. ერთი მასწავლებელი ქალია, იმან სთხოვა, გზა არ გვინდა, ოღონდ ამათ დაეხმარეთ, რომ ჭერი ჰქონდეთო." გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ დანელიშვილის განცხადებით, ამ ქალბატონის პრობლემა მათთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ დახმარება არ შეუძლიათ.

- "რამდენჯერმე მოგვაკითხა, ვიცი, რომ სახლი არ აქვთ. ამ საკითხის გადაწყვეტა მუნიციპალიტეტს არც საკუთარი სახსრებით და არც კანონმდებლობით არ შეუძლია. ჩვენ რისი გაკეთებაც შეგვეძლო, გავაკეთეთ, არაერთხელ გავუწიეთ ფინანსური დახმარება. ამ კონკრეტული საკითხის მოგვარება კი ჩვენი ძალებით შეუძლებელია,"-აღნიშნა მან. მისივე თქმით, უკვე დიდი ხანია ცდილობენ, ამ ოჯახისთვის დროებითი საცხოვრებელი მაინც მოიძიონ, მაგრამ დღემდე ასეთი ფართი არ გამოინახა.

- "სოფლებში ველისციხეში, ახაშენსა და ზეგაანში მოვიკითხეთ ისეთი საცხოვრებელი ბინები, რომლის პატრონებიც აქ არ არიან. ვფიქრობდით, რომ შესულიყვნენ და ეცხოვრათ, მაგრამ ასეთი ფართი ჯერჯერობით ვერ მოვძებნეთ ვერც ჩვენ და ვერც თვითონ. ისეთი არავინ გამოჩნდა, რომელიც დროებით შეიფარებდათ. ჩვენი მხრიდან მხოლოდ ამის გაკეთება შეგვიძლია. არც სახელმწიფო ბალანსზე არსებული რომელიმე შენობაა ცარიელი, რომელიც დროებით თავშესაფრად შეიძლება გამოყენებულიყო. ეს პრობლემა, როგორც ვიცი, უკვე 7-8 წელია, რაც აქვთ, მაგრამ ჩვენ მათი დახმარება არაფრით შეგვიძლია."

მათ პრობლემას ისიც დაემატა, რომ ოჯახის ერთადერთი შემოსავალი, სოციალური დახმარება, რითაც თვიდან თვემდე თავს ირჩენდნენ, ცოტა ხნის წინ იმ საბაბით შეუწყვიტეს, რომ საცხოვრებელი მისამართი არ აქვთ.
- "დახმარება თებერვალში მოგვიხსნეს. როდესაც მივაკითხე, მითხრეს, სანამ ბინა არ გექნებათ, ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლიაო. სამადლოდ, ხან ვინ გვაჭმევს პურს, ხან ვინ. როდემდეღა შევძლებთ ასე არსებობას?! ყველას თავისი გაჭირვება აქვს. ეს იყო ჩვენი ერთადერთი საარსებო წყარო და ესეც მოგვისპეს. აღარ ვიცით, რა ვქნათ და ვიღას მივმართოთ."

სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური დახმარების ადმინისტრირების დეპარტამენტის უფროსის გელა ჩივიაშვილის თქმით, კანონის მიხედვით სოციალურ სააგენტოს ამ ოჯახის დახმარება არ შეუძლია.
- "ამ შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტო არ ერევა. კანონით თავშესაფარი ადგილობრივმა გამგეობამ უნდა მისცეს. ჩვენი დახმარება მიბმულია საცხოვრებელ ადგილზე და თუ ადამიანი არსად ცხოვრობს, სადაც შეიძლება, რომ მივიდნენ, ნახონ, შეაფასონ და დაადგინონ მისი სარეიტინგო ქულა, შეუძლებელია დახმარების დანიშვნა. არის შემთხვევები, რომ ავტოფარეხში მაცხოვრებელი ოჯახებიც გვყავს აღწერილი, ამიტომ პირველ რიგში, არ აქვს მნიშვნელობა სად, მაგრამ თავშესაფარი უნდა იპოვონ. მანამდე ჩვენი ბენეფიციარები ვერ გახდებიან,"-აღნიშნა მან.

არის თუ არა საკანონმდებლო კაზუსი, როდესაც რეალურად გაჭირვებულ ადამიანს სახელმწიფო ვერ ეხმარება, რადგან საცხოვრებელი არ გააჩნია, ეს ალბათ სხვა სტატიის თემაა. ამჯერად კი გურჯაანში არსებული რამდენიმე ობიექტის ჩამოთვლა შეგვიძლია, რომელიც მიტოვებულია. 1. ქორწინების სახლი 2. ყოფილი სტამბის შენობა 3. ყოფილი სამშობიაროს შენობა 4. ყოფილი საავადმყოფო (6 სართული) 5. გურამიშვილის ქუჩაზე მდებარე ყოფილი საბავშვო ბაღის შენობა 6. ყოფილი ინტერნატის შენობა, რომელიც უპატრონობით ზიანდება ალბათ მსგავსი მიტოვებული შენობები სოფლებშიც მოიძებნება. 

| Print |
FaceBook Twitter Google