მორის მუსაი, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული ქართველი ებრაელია.
დაიბადა თბილისში, ბავშვობის წლები და მოგონებები კი პატარა ქალაქ _
გურჯაანს უკავშირდება. 1992 წელს მშობლებთან (დავით და ლია) და დასთან
(სტელა) ერთად საცხოვრებლად ისრაელში გაემგზავრა. ცხოვრება ქალაქ
მაალოტში გაგრძელდა. 22 წლის შემდეგ, ის საქართველოში დაბრუნდა. მეორე
სამშობლოს მონატრებით გამოწვეული ემოციები "სპექტრს" გაუზიარა.
"12 წლის ვიყავი, როდესაც ისრაელში გავემგზავრეთ. იმას, რასაც ამ ხნის
განმავლობაში საქართველოს მიმართ ვგრძნობდი, ნოსტალგია ჰქვია. ვიცოდი,
რომ მშვიდად მაშინ ვიქნებოდი, როცა ჩემს ძველ მეგობრებს, ახლობლებს
ვნახავდი. ქართულ მიწაზე რომ დავდგი ფეხი, დავიხარე და ვაკოცე. ეს
განცდა ისეთივე წმინდა იყო, როგორც პატარა ბავშვის ცრემლი, ეს
არაჩვეულებრივი შეგრძნებაა."
ჩამოსვლის წუთებიდან დასახა გეგმები, რომლებიც "ფურცელზე ვერ დატია."
ნახულობს ნაცნობებს, აქაურ მეგობრებს, მეზობლებს. აკითხავს იმ
ადგილებს, რომლებიც მისთვის ყველაზე ძვირფასია. მორის მუსაი
მუსიკოსია. ამბობს, რომ მისი ბგერებიც ნოსტალგიითაა გაჟღენთილი. სურს,
ქართულ-ებრაულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაში საკუთარი კვალი
დატოვოს.
-"ვაპირებ გურჯაანის მუსიკალური სკოლის ბავშვები, ასევე გურგენიძეების
ანსამბლის მოცეკვავეები ისრაელში წავიყვანო და ხელი შევუწყო კულტურული
ურთიერთობების განვითარებას. სამწუხაროა, რომ გურჯაანში თეატრი არ
არის, ამ მიმართულებითაც ვისურვებდი ნიჭიერი ახალგაზრდების
ხელშეწყობას."
ჩვენი რესპონდენტი ისრაელში მოქმედი მუსიკალურ ანსამბლ _
"ვარსკვლავის" დამფუძნებელია. თავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის
დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავს და მღერის, თუმცა მისთვის მთავარი
მაინც ქართული დოლია. ამ საკრავთან განსაკუთრებული დამოკიდებულება
აქვს. პირველად დოლი მამამ "ყურყურის" ბაზარზე უყიდა და ყველაფერი
აქედან დაიწყო... "ივერიონი" ისრაელში კარგად ცნობილი კიდევ ერთი
ანსამბლია, რომელიც ქართული ნაციონალური ცეკვების პოპულარიზაციას
ემსახურება. "ივერიონის" ქორეოგრაფი გიორგი ხუზაურაშვილი და მორის
მუსაი ერთობლივ ღონისძიებებს ხშირად მართავენ. მორისმა ჩვენთან
საუბრისას სიამაყით აღნიშნა, რომ "ივერიონის" კონცერტებზე, დოლის
პარტია არაერთხელ შეუსრულებია და შორეულ მიწაზე, ქართული ცეკვის
გაცოცხლებაში წვლილი შეუტანია. გურჯაანში ბავშვობის წლების
გასახსენებლად და დადებითი ემოციებით დასამუხტად ჩამოვიდა. სურდა
კიდევ ერთხელ მოფერებოდა თანამემამულეებს და საკუთარი შემოქმედებაც
გაეცნო. მაგრამ აქ, არც თუ ისე სასიამოვნო ამბავი დახვდა. ერთ
ახალგაზრდა ბიჭს, ვანო შიშნიაშვილს ადამიანების ფინანსური დახმარება
სჭირდება, იმისთვის, რომ მძიმე დიაგნოზი მერე განაჩენი არ აღმოჩნდს.
გადაწყვიტა თავისი კონცერტი ქველმოქმედებისთვისაც დაეკავშირებინა. 11
აპრილს საღამოს 18 საათზე მორისი და მისი მეგობრები ვანოს
მხარდასაჭერად გაერთიანდებიან. დარწმუნებულია, რომ ქველმოქმედება
გადამდები იქნება. დასასრულს ყურადღება მან თავის წინაპრებზე
გაამახვილა და აღნიშნა, რომ მისი ფესვები სოფელ გურჯაანშია.
-"მამაჩემის მამა ზემო გურჯაანში დაიბადა. ჩვენი ფესვები ცისკარაანთ
უბანშია."
იცის, რომ საქართველოსთან კავშირს არასოდეს გაწყვეტს, იმიტომ, რომ
ცისკარაანთ უბანთან მისტიური, უხილავი ძაფები და ასკარა პაპას ხსოვნა
აკავშირებს. გეგმავს საკუთარი სიმღერების ალბომები გამოსცეს. სჯერა,
უახლოეს მომავალში თავისი შემოქმედებით მშობლიურ გურჯაანს კიდევ
ბევრჯერ ეწვევა.
მასალის გამოყენების პირობები