საზოგადოება
9 წელი რუსეთ-საქართველოს ომიდან
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 9 წელი გავიდა.  ომში დაიღუპა საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე და შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი.

ომში დაღუპული 170 სამხედრო მოსამსახურედან 5 უგზო-უკვლოდ დაკარგულია, თუმცა კანონის გათვალისწინებით, რადგან ორი წლის განმავლობაში ვერ აღმოაჩინეს ვერც ცხედარი, არც რაიმე მინიშნება მათი სიცოცხლის შესახებ, მათ გარდაცვლილის სტატუსი მიენიჭათ.

სახლები დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში რჩება 30 000-მდე.

დრევანდელ დღესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სადაც აღნიშნულია, რომ
ომიდან ცხრა წლის თავზე რუსეთის ფედერაცია კვლავ არ ასრულებს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობებს და სრული უგულებელყოფით აგრძელებს სუვერენული სახელმწიფოს განუყოფელი რეგიონების ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის პოლიტიკას, რაც გამოიხატება საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ და სოციალურ-ეკონომიკურ სისტემაში უკანონო ინტეგრაციით, ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციითა და საოკუპაციო ხაზის გამაგრებით მავთულხლართებითა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერებით.

-"რეგულარულად ხდება საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და გატაცებები, მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის საკუთარ კარ-მიდამოზე წვდომისა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა. ეს მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა აფხაზეთის მიმართულებით ოთხი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვამ. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ქართველების მიმართ გრძელდება ეთნიკური დისკრიმინაცია და მათი ფუნდამენტური უფლებების შელახვა. მაშინ, როცა ასობით ათასი ადამიანი გამოდევნილია საკუთარი სახლიდან, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილ ძირძველ ქართველ მოსახლეობას თავის მიწა-წყალზე, როგორც უცხოელებს, ისე ექცევა. გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის შეზღუდვის კვალდაკვალ, მომავალი სასწავლო წლიდან ცხინვალის რეგიონის ქართულ სკოლებშიც იკრძალება მშობლიურ ენაზე სწავლება. ამ ფონზე, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს მეტ იზოლაციაში მოაქციოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები ადამიანები და მიზანმიმართულად უშლის ხელს მათ ჰუმანიტარულ კონტაქტებს დანარჩენ საქართველოსა და მსოფლიოსთან."- ნათქვამია განცხადებაში.

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ომი / აგვისტო /