არჩევნები 2017
24 საჩივარი კახეთის საოლქო კომისიებში
კახეთის საოლქო კომისიებში სულ 24 საჩივარი დაიწერა, ყველა მათგანი პროცედურულ დარღვევებს ეხება. საოლქო კომისიების ნაწილმა საჩივრები უკვე განიხილა და გადაწყვეტილებაც მიიღო.
გურჯაანის საოლქო კომისიაში 4 საჩივარი შევიდა. „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელი მიუთითებდა, რომ #42 ქოდალოს საარჩევნო უბანზე, შემაჯამებელ ოქმებს კომისიის წევრების ხელმოწერა და ბეჭდები არ ჰქონდა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა კი საჩვარში განმარტა, რომ რამდენიმე საუბნო კომისიებიდან საოლქო კომისიაში არასწორად შეფუთული დოკუმენტაცია შემოიტანეს. აღნიშნული საჩივრები ჯერ არ განუხილავთ.

საგარეჯოს საოლქო კომისიაში ერთი საჩივარი შევიდა. განმცხადებელი მიუთითებდა, რომ #41 ქეშალოს უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა კენჭისყრის ოთახში შესულ ამომრჩეველს ფანარი არ დაანათა.

სიღნაღის საოლქო კომისიაში ორი საჩივარი დაიწერა. #12 უბანზე რეგისტრირებული ამომრჩევლის შვილმა გააპროტესტა, რომ დედამისთან გადასატანი ყუთი სახლში მისი ნებართვის გარეშე მიიტანეს. აღნიშნული საჩივარი საოლქო კომისიამ განუხილველად დატოვა. მეორე საჩივარი „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელმა დაწერა. ის აღნიშნავდა, რომ #22 უბანზე, წილისყრის შედეგად გამოვლენილმა მთვლელებმა თავი ვერ გაართვეს დაკისრებულ მოვალეობას და კომისიის თავმჯდომარემ ხელახალი წილისყრა ჩაატარა. აღნიშნული ცვლილება კი ჩანაწერთა წიგნში ასახა. საკითხი საოლქო საარჩევნო კომისიამ განიხილა, მოთხოვნა იმის შესახებ, რომ საუბნო კომისიის თავმჯდომარეს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა შეფარდებოდა, არ დააკმაყოფილა.

დედოფლისწყაროს საოლქო კომისიაში სამი საჩივარია დარეგისტრირებული. განმცხადებელი მიუთითებს, რომ #18 უბანზე ბიულეტენი კაბინის გარეთ შემოხაზეს. მეორე საჩვარში აღნიშნულია, რომ #10 უბნიდან ჩანაწერთა წიგნი საოლქო კომისიაში დაულუქავი მიიტანეს. რაც შეეხება მესამე საჩივარს, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ #3 უბანზე ნამდვილი ბიულეტენები ბათილში შეურიეს. საჩვარი, რომელიც #18 და #3 უბნებს ეხებოდა განუხილველად დატოვეს, ხოლო #10 უბნის თავმჯდომარესა და მდივანს შენიშვნა მისცეს.
ლაგოდეხის საოლქო კომისიაში ორი საჩივარია შესული. #35 უბანზე ორი ამომრჩეველი აღნიშნავდა, რომ მათ მაგივრად სხვას მიაცემინეს ხმა, კომისიის წევრებმა კი დაადასტურეს რომ ისინი უბანზე მეორედ ცდილობდნენ შესვლას.

ყვარლის საოლქო კომისიაში 2 საჩივარია დარეგისტრირებული. განმცხადებელი აღნიშნავს, რომ #1 უბნიდან დაულუქავი დოკუმენტაცია მიიტანეს. #4 საარჩევნო უბანზე კი „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი როსტომ სესიაშვილი ხმის მისაცემად მეუღლესთან ერთად მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ ის აღნიშნული უბნის ამომრჩეველი არ იყო, კომისიამ კენჭისყრის ოთახში მაინც შეუშვა. საჩივრები განხილვის პროცესშია.

თელავის საოლქო კომისიაში 10 საჩივარია რეგისტრირებული, ათივე პროცედურულ დარღვევევებს ეხება, განმცხადებლები კომისიის ზოგიერთი წევრის დისციპლინალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ. საოლქო კომისია საჩივრებს დღეს და ხვალ განიხილავს.

რაც შეეხება ახმეტას, აქ საჩივრები არც საუბნო და არც საოლქო კომისიებში არ შესულა.

| Print |
FaceBook Twitter Google