არჩევნები
„ნაციონალების“ დამკვირვებელი ელმირა ბეციაშვილი ვეჯინის 27-ე საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს
გურჯაანის N12 საარჩევნო ოლქის 27-ე უბნიდან "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი და დამკვირვებელი ელმირა ბეციაშვილი გამოაძევეს. როგორც ის აცხადებს, უბანზე დილის 7 საათიდან მივიდა. აქვე იმყოფებოდა დამკვირვებლად გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი. ბეციაშვილის თქმით, სწორედ მისი დავალებით, კანონდარღვევით დაატოვებინა მას უბანი კომისიის თავმჯდომარემ. ბეციაშვილის თქმით, ის ინიშნავდა რეგისტრატორის ნომრებს და სხვადასხვა პროცედურულ საკითხებს, რაზეც თავმჯდომარემ უთხრა, რომ ამის უფლება არ ჰქონდა. გარდა ამისა, მან საარჩვენო კაბინიდან გამოსულ ამომრჩევლებს ბიულეტენის დაკეცვისკენ მოუწოდა, რაც გახდა მისი უბნიდან გაძევების საფუძველი.

,,დავინახე, რომ კაბინიდან გამოვიდა ერთი ამომრჩეველი გაშლილი ფურცლით, შემდეგ მეორე, მესამე, მათ მოვუწოდე, რომ ბიულეტენი უნდა გადაეკეცათ, რათა მათი არჩევანი ფარული ყოფილიყო. ავუხსენი, რომ მათი ქმედება იყო კანონდარღვევა. ამ დროს ადგილზე იმყოფებოდა გურჯაანის მერი სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის სახით და მან აგრესიულად უთხრა კომისიის თავმჯდომარეს, რომ მე გავეშვი საარჩევნო უბნიდან, რადგან ბევრს ვლაპარაკობდი. მერმა და კომისიის თავმჯდომარემ განაცხადეს, რომ ამომრჩეველთა თავისუფალ ნებას ვზღუდავდი და გამაძევეს უბნიდან."- განუცხადა ბეციაშვილმა speqtri.ge-ს.

როგორც ჩვენთან საუბარში საუბნო კომისიის თავმჯომარე ნარგიზ რუაძემ აღნიშნა, ელმირა ბეციაშვილს უბანი იმის გამო დაატოვებინეს, რომ ის ამომრჩეველზე ახდენდა ზეწოლას.
ბრალდებებს არ ეთანხმება გურჯაანის მერიც და ელმირა ბეციაშვილის განცხადებას პროვოკაციად აფასებს.

,,მე შემიძლია გითხრათ, რომ როდესაც აქტი დაწერილი იყო, მერე შევესწარი ამ ამბავს. ისე რომ, როგორც ქალბატონი ელმირა აცხადებს, თითქოს ჩემი მითითებით მოხდა მისი გაძევება, სრული სიცრუეა. თქვენ გახსოვთ ალბათ მის მიერ მოწყობილი პროვოკაცია ,,მოლოტოვის კოქტეილებთან,, დაკავშირებით, თითქოს ეს ჩემი მითითებით მოხდა. ასეთივე პროვოკაციაა მისი დღევანდელი საქციელი და მსგავს ქმედებებს არც მომავალში გამოვრიცხავ“,- განაცხადა არჩილ ხანდამაშვილმა.



| Print |
FaceBook Twitter Google