არჩევნები 2015
ვიდეოკამერები საარჩევნო უბნებზე აღარ იქნება
მარინა ბეროშვილი
სამართლიანი არჩევნები ქვეყნის დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპია. ამიტომაც მნიშვნელოვანია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების თანმიმდევრულ და გამჭირვალე რეჟიმში ჩატარება. არჩევნების თარიღს სახელმწიფოს უმაღლესი პირი, პრეზიდენტი არჩევნებამდე ორი თვით ადრე ნიშნავს. ამ წუთებიდან წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად შედის ძალაში. არჩევნების დღეს კენჭისყრა დილის 8:00 საათიდან იწყება და საღამოს 20:00 საათზე მთავრდება, თუმცა უბნები დილის 7:00 საათიდან იხსნება. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები ზუსტად ამ დროს უნდა გამოცხადდნენ. კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლება აქვთ: 1. ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს. 2. ცენტრალური, საოლქო და საუბნო კომისიის წარმომადგენლებს. 3. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს. 4. ადგილობრივი ორგანიზაციის აკრედიტებულ დამკვირვებელს (ერთი ორგანიზაციიდან ერთდროულად 1 დამკვირვებელი) 5. საერთაშორისო ორგანიზაციების აკრედიტებულ დამკვირვებლებს (ერთი ორგანიზაციიდან 2 დამკვირვებელი, რომელთაც შეიძლება ახლდეს თარჯიმანი) 6. პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების აკრედიტებულ წარმომადგენლებს (ერთი მედიასაშუალებიდან არაუმეტეს 3 წარმომადგენელი). კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე მისული მოქალაქე პირველ რიგში მარკირებაზე მოწმდება, რათა გამოირიცხოს ხმის მიცემის ორჯერ დაფიქსირება. შემდეგ ამომრჩეველი კომისიის წევრს წარუდგენს პირადობის მოწმობას ან პასპორტს. მონახავს სიაში თავის სახელსა და გვარს და გაივლის მარკირებას. ამის შემდეგ ხდება კომისიის წევრის მიერ ბიულეტენის უკანა გვერდზე ხელმოწერა და ბეჭდით დამოწმება. ამომრჩეველი ხელს აწერს სიაში და იღებს ბიულეტენს. პროცედურის ბოლო ეტაპზე მოქალაქე შედის ფარულ კაბინაში, აფიქსირებს საკუთარ აზრს, კონვერტში ათავსებს ბიულეტენს და კაბინიდან გამოსვლის შემდეგ აგდებს ყუთში.
კახეთში მცხოვრებ ეთნიკური აზერბაიჯანელების უმრავლესობას აღნიშნული პროცედურების შესახებ ინფორმაცია არ აქვს. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მკვიდრი ქამანდარ ქაზუმოვი, მართალია, არჩევნებში ყოველთვის იღებს მონაწილეობას, მაგრამ არ იცის, რა პროცედურების დაცვაა საჭირო. "არჩევნებში ყოველთვის ვიღებ მონაწილეობას, მაგრამ ისე ვიქცევი, როგორც მიმითითებენ. არ ვიცი რას ნიშნავს მარკირება და რისთვის არის საჭირო," _ გვითხრა მან.
მას შემდეგ, რაც გასული არჩევნების პერიოდში რიგ საარჩევნო უბნებზე ვიდეოთვალი დაამონტაჟეს, ეთნიკურ აზერბაიჯანელების უმრავლესობას გაუჩნდა ერთგვარი შიში, რომ კამერის საშუალებით მათი არჩევანი ფარული კი არა, სხვებისთვისაც ცნობილი იყო. ამ სეგმენტში ამგვარი დამოკიდებულება ახლაც შეიმჩნევა. "ამბობენ, რომ არჩევნების დროს კამერით გვიღებენ. ამიტომ მეშინია, რომ გაიგებენ, რა ნომერი შემოვხაზე. თუ ჩემი რჩეული არ გაიმარჯვებს, ყველას ეცოდინება, რომ მე გამარჯვებულს არ დავუჭირე მხარი. ეს კი ძალიან ცუდია," _ ამბობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები, რომლებიც ვინაობის გამხელას ერიდებიან.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მედიაკონსულტანტის თამარ მჭედლიშვილის თქმით ხმის მიცემა ფარულია და ამომრჩევლის მისამართით განხორციელებული ნებისმიერი ზეწოლა კანონით ისჯება. "ვიდეოკამერები უკვე გაუქმებულია და უბნებზე საერთოდ აღარ არის. აქამდეც მხოლოდ უბანზე იყო დამონტაჟებული და არა ხმის მიცემის კაბინაში. აღნიშნული სიახლე იმან განაპირობა, რომ თუკი საარჩევნო უბანზე დარღვევა მოხდებოდა, კამერებს დაეფიქსირებინა. მაგრამ ახალ კანონმდებლობაში ამ ფორმაზე უარი თქვეს და ვიდეოთვალი უბანზე აღარ არის. თუ მედიის გარდა, კამერით რომელიმე ოფიციალური პირი დაფიქსირდა, ეს იქნება კანონდარღვევა, რასაც რეაგირება უნდა მოჰყვეს. კარგია, რომ ამ თემაზე აქცენტი გააკეთეთ. კიდევ ვიმეორებ, ხმის მიცემა ანონიმური და ფარულია," _ გვითხრა თამარ მჭედლიშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google